როგორ აღნიშნავდნენ შობას ძველად თბილისსა და მთელ საქართველოში
ქართველი ხალხისთვის და მით უფრო, მართლმადიდებელი მრევლისთვის შობა დიდი დღესასწაული იყო და მთელ საქართველოში განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. მოგეხსენებათ, თბილისი მრავალრელიგიური და მრავალეთნიკური ქალაქია. მართლმადიდებლების ამ ტრადიციას სხვა ეთნოსის წარმომადგენლებიც პატივს სცემდნენ და ერთმანეთს შობას ულოცავდნენ კიდეც.
ყველა კუთხეში, მცირე განსხვავებებით, შობის შეხვედრის ტრადიცია არსებობდა, მაგრამ მთავარი საერთო მახასიათებელი განსაკუთრებული სადღესასწაულო სიხარული და ალილო იყო.
გარდა ამისა, შობისთვის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა სხვადასხვა ტიპის კვერი, რომელსაც როგორც თბილისში, ასევე, მთელ საქართველოში აცხობდნენ. მაგალითად, გურიაში ცხვებოდა გურული ღვეზელი, რომელსაც საფუძველი წინარე ქრისტიანული ხანიდან აქვს – ნახევარმთვარის ფორმისაა და ოდნავ წარმართულ ხასიათს ატარებს, თუმცა ეს ქრისტიანულმა კულტურამ შეინარჩუნა და გურიაში დღესაც გურული ღვეზელით ხვდებიან შობას. როგორც წესი, ცხვებოდა იმდენი კვერი, რამდენი ოჯახის წევრიც იყო სახლში, მათ შორის, გარდაცვლილების სახელზე. ტრადიციის თანახმად, როგორი კვერიც გამოცხვებოდა, ოჯახს ისეთი წელი ელოდა.
მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო მარცვლეულისგან სხვადასხვა ტიპის საშობაო ფაფის დამზადება, რომლებიც შემდეგ სხვა პროდუქტებმა ჩაანაცვლეს.
ყველაზე მთავარი ყოველთვის მაინც ალილოს ტრადიცია იყო. ალილოს ტრადიცია თბილისშიც ძალიან აქტუალური გახლდათ. შეიკრიბებოდა რამდენიმე ადამიანი, ალილოს სიმღერით ადიდებდნენ უფალს და ახლობლების ოჯახებში მიდიოდნენ, მათ დალოცავდნენ და ბარაქას უსურვებდნენ. ისინი კი, ეგებებოდნენ სტუმრებს ტკბილეულით, სურსათ-სანოვაგით და ჩუქნიდნენ სხვადასხვა ნივთს, ასევე კვერცხს, როგორც განახლებისა და სიცოცხლის სიმბოლოს. ალილოს დროს შეგროვებული სურსათ-სანოვაგე და ნივთები გაჭირვებულ ოჯახებს ურიგდებოდა. დღევანდელობისგან განსხვავებით, ალილოს მსვლელობა არა დღისით, არამედ ღამით, თორმეტი საათის შემდეგ იმართებოდა. ალილო ერთგვარად საშობაო და სააღდგომო რიტუალი იყო. სააღდგომო რიტუალს ჭონა ეწოდებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა პერიოდში ალილოს მსვლელობა აიკრძალა. საბჭოთა პერიოდამდე, ისევე, როგორც დღეს, ტაძრებშიც ხვდებოდნენ დღესასწაულს და საზეიმო წირვა ტარდებოდა. ახალი წლის მსგავსად, შობასაც რთავდნენ სახლებს და ცდილობდნენ, სახლ-კარი მოწესრიგებული და ლამაზად გაფორმებული დაეხვედრებინათ შობის დღესასწაულისთვის. ტრადიციისამებრ, მეორე დღეს იკვლებოდა ღორი, რაც ნაყოფიერების სიმბოლო იყო.
საგულისხმოა ისიც, რომ მეცხრამეტე საუკუნიდან საქართველოში გავრცელდა ნაძვის ხე, რომელსაც საახალწლო ნაძვის ხე საბჭოთა პერიოდში ეწოდა. მანამდე ის საშობაო ნაძვის ხე იყო. მოგეხსენებათ, ადრე შობა 25 დეკემბერს აღინიშნებოდა. დღესასწაულების ციკლიც სწორედ 25 დეკემბრიდან იწყებოდა და ის წინ უსწრებდა ახალ წელს. შესაბამისად, მთავარი დღესასწაული შობა იყო და ნაძვის ხეც, პირველ რიგში, შობას უკავშირდება.
მასალა მომზადებულია მედიაჰოლდინგ „კვირასა“ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, ეთნოლოგიის დოქტორის, მირიან ხოსიტაშვილის მიერ