ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დასახმარებლად ეკონომიკური პაკეტი შემუშავდა
თბილისის მერიამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დასახმარებლად ეკონომიკური პაკეტი შეიმუშავა – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული პაკეტის მომზადება ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა.
„არსებული პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან გაუჭირდა. პანდემიის პირველი ტალღის დროს მეწარმე სუბიექტებისთვის მთელი რიგი დახმარების პაკეტი შევიმუშავეთ. წინა მთავრობის სხდომაზე ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა, მოემზადებინა კონკრეტული პაკეტი ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დასახმარებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პირველ ყოვლისა, შეღავათი შეეხება მუნიციპალტიტეტის მოიჯარეებს, ესენი არიან ეკონომიკური სუბიექტები, რომლებსაც მერიისგან ან მერიის საკუთრებაში არსებული საწარმოებისგან იჯარით აქვთ აღებული ფართები, სხვადასხვა სახის უძრავი ქონება და მისი მეშვეობით, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ.
„ვინაიდან პანდემიის გამო შეზღუდვები დაწესებულია დეკემბერი-იანვრის თვეებში, ამ სუბიექტებს იჯარის გადასახადი ამ თვეებშიც მოეხსნებათ. ასევე, ამავე პერიოდში არ დაეკისრებათ სანქცია-საურავები და მანამდე დაკისრებული სანქცია-საურავების დინებაც შეჩერდება. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მუნიციპალიტეტის ქონება ქვეიჯარით არის გაცემული, ანუ ჩვენთან თუ არის კონკრეტული შპს ან კონკრეტული ფიზიკური პირი, ვისაც აქვს აღებული ეს ქონება და შემდეგ გადაქირავებული აქვს, ზემოთაღნიშნული შეღავათები უნდა გავრცელდეს ქვემოიჯარეებზეც. სწორედ ამ პირობით მიიღებს შეღავათს მოიჯარე“, – განმარტა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული შეღავათი კვების ობიექტებსაც შეეხებათ და მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის იქნება, რაც რვაჯერ ნაკლებია.
თბილისის მერმა ვიცემერს დაავალა, დეტალური ინფორმაცია შეღავათების პირობების შესახებ წერილობით განათავსონ მერიის ვებგვერდზე და პრესასთან მაქსიმალური აქტიურობით ეკონომიკური პაკეტით სარგებლობის პირობები ყველასთვის ნათელი გახდეს.