თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დღეს უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა.
„თქვენ იცით, რომ 18 დეკემბერს ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ მათ მიეცათ 4-დღიანი ვადა, თავადვე განეხორციელებინათ დემონტაჟი. რამდენიმე ადამიანმა ეს გააკეთა და რაც ღირებული იყო – გადახურვა, კარ-ფანჯარა და ა.შ. მოხსნა. დანარჩენ შემთხვევაში, დღეს დილით სადემონტაჟო სამუშაოები განხორციელდა.“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა კონკრეტული მაგალითებით ისაუბრა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თვალჭრელიძის ქუჩაზე სახელმწიფო მიწებს იტაცებდნენ და უკანონოდ ათავსებდნენ შენობა-ნაგებობებს. მისი განმარტებით, ამ ადამიანებს სხვადასხვა ადგილას სახლები და მიწის ნაკვეთები აქვთ. გარდა ამისა, კალაძის განცხადებით, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო შენებლობებთან კავშირი დაუდასტურდა მერიის თანამშრომელსაც.
„ჩვენ არავისთან მიმართებით არ ვაპირებთ უკან დახევას. ყველა უკანონობას ჩვენი მხირდან სათანადო რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კალაძემ.