ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების შემდეგ მთავარი მიღწევაა, რომ შემთხვევების მატება აღარ ფიქსირდება, თუმცა არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ვირუსს ვამარცხებთ
“ბოლო სამი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოქმედებს, მთავარი მიღწევაა, რომ უკვე აღარ ფიქსირდება შემთხვევების მატება, ანუ გარკვეულწილად, ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა დასტაბილურდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვა კვლავაც აუცილებელია.
„ყველა რეკომენდაცია, რომელიც არის ჩვენს მიერ ხშირად გაჟღერებული, აუცილებლად დასაცავია. განსაკუთრებით დასაცავია ახლა. დღეს საბჭომ მიიღო საკმაოდ რთული, დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომ გარკვეულად შემსუბუქება შეეხება სავაჭრო ქსელს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ვთვლი, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ არ ჩაითვალოს და არ შევიქმნათ ილუზია იმისა, რომ ჩვენ კორონავირუსულ ინფექციას ვამარცხებთ. აქამდე ძალიან შორს ვართ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.