დავით სონღულაშვილი: ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, რაც გვაქვს, არის განახლებადი ენერგია – ამ მიმართულებით რა ხედვა და რა პოლიტიკა გვაქვს?

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი პარლამენტის 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაინტერესდა, რა ხედვა და რა პოლიტიკა არსებობს მთავრობაში განახლებადი ენერგიის მიმართულებით.

მისი თქმით, ეს არის „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, რაც გვაქვს, ეს არის განახლებადი ენერგია, რომელიც ღირებული რესურსია”.

კომიტეტის თავმჯდომარის კითხვები სახმელეთო ტრანსპორტის რეფორმას, განახლებად ენერგიას, კაპიტალის ბაზრის რეფორმას, ლარის სტაბილურობას, რეგიონების წყალმომარაგებას, თუშეთის საბაგირო გზასა და მოსახლეობის ინტერნეტზე წვდომას ეხებოდა.

„სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებით – რა რეფორმებს ვაპირებთ ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ სპექტრის, რომელიც გასაკეთებელია. აუცილებლად მინდა, ვიკითხო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რა არის პრიორიტეტული მიმართულებები, თუ გვაქვს რამე გეგმა ამასთან დაკავშირებით, ხომ არ იქნებოდა შესასწავლი, ამ მიმართულებით რა ტიპის ბიუროკრატიას აწყდებიან ხოლმე ინვესტორები და შეიძლება თუ არა, წახალისების კუთხით მოვხსნათ ბარიერები, თუ აქვთ. ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება ყოველწლიურად და ამასთან დაკავშირებით მიჰყვება იმპორტიც, გენერაცია არ მიჰყვება ამ ზრდას და რა პოლიტიკა გვაქვს? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, რაც გვაქვს, ეს არის განახლებადი ენერგია, რომელიც ღირებული რესურსია და რას ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით, რა ხედვა გვაქვს და ამ მიმართულებით რა პოლიტიკა გვაქვს?

ძალიან მნიშვნელოვანია, კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე რასაც საუბრობდით და ამასთან დაკავშირებით რამდენად ვართ მზად? ერთია, რომ კაპიტალის ბაზარი გვინდა და მეორეა, რამდენად მზად არიან კომპანიები ამისთვის და რამდენად არის ამის შესაძლებლობა.

ასევე, ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არის ლარის თემა ინვესტორებისთვის იმიტომ, რომ გვჭირდება სტაბილური ლარი იმისთვის, რომ ინვესტიციები განახორციელონ ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით რა პოლიტიკა გვექნება, რადგან დინამიკა საკმაოდ რთულია. მესმის აბსოლუტურად, რატომაც, მაგრამ როგორ ვმოქმედებთ  და რას ვაპირებთ, რადგან ეს ერთ-ერთი დიდი კითხვის ნიშანია ინვესტორებისთვის”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები