მეუფე შიო – პატრიარქმა წმინდა ნიკოლოზს შეავედრა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, უფალმა ინებოს, დავძლიოთ ეს მძიმე სენი, განსაცდელი, რომელიც დღეს გვაქვს პანდემიის სახით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ შეავედრა წმინდა ნიკოლოზს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი და უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე სენი, განსაცდელი, რომელიც დღეს გვაქვს პანდემიის სახით, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ სამებაში, ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.
მან მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებისას წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაზე ისაუბრა.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა ნიკოლოზობა და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კატოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოლოცვას და დალოცვას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვები. დღეს არის დიდი დღე, საყვარელი დღე ყოველი ჩვენგანისთვის, რადგან წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებით ახლოს არის ყოველ ჩვენგანთან. თქვენ იცით, რომ მას წმინდა ეკლესია მოციქულთა რანგში განიხილავს. მართალია, ის მღვდელმთავარია, მაგრამ როგორც მოციქულს, მას მოციქულის პატივი აქვს მინიჭებული. მისი ღვაწლი, მისი მისიონერობა ჭეშმარიტად სამოციქულო ხასიათის იყო და დღესაც გრძელდება. ეს საქმე ყოველი ქრისტიანის ვალია, მაგრამ ყველას განსხვავებული შესაძლებლობები აქვს; ზოგს შეუძლია, მხოლოდ მისი ოჯახი მოაქციოს ან ერთი ორი ადამიანი, ზოგს უფრო მეტი ზოგს სამრევლო, ზოგს შეუძლია, მთელი ერი მოაქციოს და მოიყვანოს უფალთან და წმინდა ნიკოლოზისნაირ ადამიანებს ძალუძთ, ღმერთის მადლით ღმერთთან მოიყვანონ და დააფიქრონ მთელი მსოფლიო.
მას თაყვანს, პატივს სცემენ არამარტო ქრისტიანები, არამედ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც და მისი მისიონერული ღვაწლი ხასიათდება ერთი გამორჩეული თვისებით, გამორჩეული სიკეთით, სიყვარულით, დიდი გულისხმიერებით. წმინდა ნიკოლოზის თანაგრძნობას ყოველთვის თან ახლდა დიდი დახმარება საქმით; ხან პატიმრობიდან იხსნიდა უდანაშაულოს, ბევრია ასეთი შემთხვევა, რამდენჯერ გადაარჩინა ადამიანები თავისი ლოცვითა და ჩარევით. ამრიგად ის ამდენად გამორჩეული ადამიანი იყო. იცით, მთელ მსოფლიოში ახალ წელს ბავშვებს საჩუქრებს წმინდა ნიკოლოზი მიუტანს ხოლმე. ეს კომუნისტებმა შეცვალეს ყოფილ საბჭოთა კავშირში თოვლის ბაბუით, რომ დაგვევიწყებინა ღმერთიც, წმინდანებიც და ეკლესიაც. ამისთვის, თოვლის ბაბუა მოიგონეს. სინამდვილეში ეს დღეს წმინდა ნიკოლოზია. სხვა წმინდანებიც ხომ იყვნენ, მაგრამ წმინდა ნიკოლოზი გამორჩეულია. ალბათ იმიტომ არის გამორჩეული, რომ დღესაც კი, 21-ე საუკუნეში ჩვენ ვგრძნობთ მასთან უშუალო კავშირს, როდესაც ვევედრებით, ჩვენ ვღებულობთ მისგან პასუხს. მას ესმის და ჩვენც გვესმის მისი პასუხები“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
მისივე თქმით, წმინდა ნიკოლოზი არ არის მხოლოდ ისტორიული ფიგურა, რომელიც ოდესღაც თავისი სიკეთით გამოირჩეოდა.
„წმინდა ნიკოლოზთან და ასეთ დიდ წმინდანებთან ჩვენ გვაქვს ცოცხალი კავშირი ქრისტეში სულიწმინდის მადლით და ამიტომ ვხარობთ დღეს. თქვენ იცით, რომ კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ შეავედრა განსაკუთრებით წმინდა ნიკოლოზს ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერი და უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე სენი, განსაცდელი, რომელიც დღეს გვაქვს პანდემიის სახით. დღეს ჩვენ ერსა და მთელ მსოფლიოს წმინდა ნიკოლოზი, როგორც სწრაფლშემწე შეგვეწიოს და დავძლიოთ, არამარტო სენი, არამედ მიზეზები. ჩვენ ხომ უნდა ვიფიქროთ, რა არის გამომწვევი ამა თუ იმ განსაცდელის, რომ ხშირად ეს არის ჩვენი არასწორი ცხოვრება, ჩვენი ცოდვები ჩვენი დაშორება ღმერთთან და განსაცდელებით უფალი გვასწავლის, როგორც მის შვილებს მამა ასწავლის, რომ გამოსწორდნენ, მოინანიონ და დაბრუნდნენ თავის წიაღში. ამ ყველაფერზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე. შეგვეწიოს წმინდა ნიკოლოზი თქვენ და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა მეუფე შიომ.