კახა კალაძემ დანაპირები შეასრულა – აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს ბინა საჩუქრად გადასცა. ვარკეთილის რაიონში მდებარე ოთხოთახიანი ბინა ალუაშვილების ოჯახმა საჯარო რეესტრში დღეს ოფიციალურად გადაიფორმა.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ალუაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ბინის ჩუქებას საჯაროდ დაჰპირდა. მამა-შვილის ფოტო 15 დეკემბერს სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა იმ ინფორმაციასთან ერთად, რომ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელიც აღნიშნულ დასახლებაში უკანონოდ მშენებარე სახლების დემონტაჟს ახორციელებდა, ალუაშვილების საცხოვრებელის სახლი დაანგრია. ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, მამა-შვილი, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიაზე, 30 კვ.მ. ბინაში ცხოვრობს.