დავით ზალკალიანი საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩთან საქართველოში, აკირა იმამურასთან, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
მინისტრი მიესალმა იაპონიის ელჩის თანამდებობაზე აკირა იმამურას დანიშვნას და წარმატებები უსურვა მას დიპლომატიურ საქმიანობაში.
საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე. განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებით. ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების ბოლოდროინდელ პოზიტიურ დინამიკას, მხარეებს შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება იაპონიის მთავრობის მიმართ, პანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის და ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე, იმ ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით.
თავის მხრივ, აკირა იმამურამ მადლობა გადაუხადა მინისტრს გულთბილი დახვედრისთვის და გამოთქვა იმედი, რომ პირად წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საკითხში.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.