ვახტანგ გომელაური: 2020 წელს „112“-ის ოპერატორებმა 4 მილიონამდე ზარს უპასუხეს
“ცხელი ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით მოეწყო დამატებით 3 ლოკაციაზე, დავამატეთ ცხელი ხაზის ოპერატორთა რაოდენობა”, – ამის შესახებ შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
“მოქალაქეების მხრიდან ჩვენთან კომუნიკაციის ერთ-ერთ ძირითად არხს ,,112“ წარმოადგენს.
მაგალითისთვის, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით „112“-ის ოპერატორებმა 2 მილიონამდე ზარს უპასუხეს, ხოლო 2020 წლის იმავე პერიოდში ზარების რაოდენობა 4 მილიონამდე არის გაზრდილი. მიზნობრივ ზარებთან ერთად, სამწუხაროდ, იმატა არამიზნობრივმა ზარებმაც, ვინაიდან კოვიდთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვაზე პასუხის მისაღებად ყველა “112”-ზე რეკავდა, შესაბამისად, იზრდებოდა მომლოდინე ზარების რაოდენობაც და ხანგრძლივობაც. ჩვენ ეტაპობრივად შევძელით და დავამატეთ შესაბამისი რესურსი.
112-მა არსებულ ინფრასტრუქტურაზე მოაწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში გაუშვა ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ცხელი ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით მოეწყო დამატებით 3 ლოკაციაზე. ბოლო დროს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სულ ახლახან კვლავ დავამატეთ ცხელი ხაზის ოპერატორთა რაოდენობა, რათა ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შევუმციროთ ლოდინის დრო”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.