გიორგი ცუცქირიძე: პანდემიის დროს არ შეჩერებულა არცერთი სტრატეგიული მნიშვნელობის, მათ შორის რეგიონალური განვითარების ინფრასტრუქტურული პროექტი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის შეფასებისას ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ ბოლო წლების ინფრასტრუქტურის განვითარების დინამიკის გათვალისწინებით, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა იყოს რეგიონალური ჰაბი ვაჭრობისთვის და ლოგისტიკისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობისთვის, უფრო მეტი ინვესტიციისთვის და ვაჭრობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის.
„ინფრასტრუქტურას აქვს ეკონომიკისათვის უდიდესი მნიშვნელობა, ამასთან ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და გამართულ ფუნქციონირებას ექნება 2024 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე, ბაზისური მნიშვნელობა და ინფრასტრუქტურის მინისტრის წლიური ანგარიშიც თუ რა გაკეთდა და რა პროექტები მიმდინარეობს, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია პირველ რიგში გაზრდის ინტეგრაციას როგორც ქვეყნის რეგიონებს შორის, ასევე, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას, როგორც მეზობელ, ასევე, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან. ბოლო წლების ინფრასტრუქტურის განვითარების დინამიკა აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა იყოს რეგიონალური ჰაბი ვაჭრობისთვის და ლოგისტიკისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობისთვის, უფრო მეტი ინვესტიციისთვის და ვაჭრობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის”,- განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
ექსპერტის თქმით, შთამბეჭდავია პანდემიურ პირობებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი – დაფინანსდა 6000-მდე პროექტი,რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1000-მდე კონტრაქტორმა კომპანიამ, ხოლო დასაქმდა 31 000 ადამიანი.
„მართალია, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო სამინისტროს ბიუჯეტი 251 მილიონი ლარით შემცირდა, 2020 წლის ბიუჯეტი 101.4 % -ით ანუ გადაჭარბებით სრულდება, რაც 166 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს, და ერთიანი სამთავრობო სტრატეგიის ეფექტურ ანტიკრიზისულ მენეჯმენტზე მიუთითებს; ნიშანდობლივია, რომ პანდემიის დროს არ შეჩერებულა არცერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის რეგიონალური განვითარების პროექტები, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს როგორც ქვეყნის, ასევე ცალკეული რეგიონების განვითარებისთვის საჭირო სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების კუთხით, განსაკუთრებით კი საერთაშორისო და ეროვნული მნიშვნელობის გზებისა და წყლის ინფრასტრუქტურის, წყალარინების სისტემების, და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.
აბასთუმნის ისტორიული სახლების, ობსერვატორიის, საბაგირო გზის რეაბილიტაცია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა, მცხეთის მუზეუმის მშენებლობა და თბილისის მზიურის პარკის რეაბილიტაცია, აშენდა 20 ახალი სკოლა 1530 ბავშვისთვის, 17 საბავშვო ბაღი 1000-მდე ბავშვისთვის, 500 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა ახალ აშენებულ კორპუსებში აშენდა 70 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი, რეაბილიტირდა 580 კმ გზა, ხოლო ქუთაისი, ზუგდიდი, ჭიათურა პირველად გადავიდა 24 საათიან წყალმომარაგებაზე, – აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შეფასებაში ექსპერტი ჩქაროსნული მაგისტრალების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ამ მიმართულებით პირველ რიგში უნდა გამოიყოს ჩქაროსნული მაგისტრალები. 2020 წელს სრულდება 70კმ ჩქაროსნული გზის მშენებლობა, უკვე დასრულდა ჯაპანა-ლანჩხუთის 16 კმ-იან მონაკვეთის და ხაშურის შემოვლით 13 კმ-იან მაგისტრალურ გზის მშენებლობა, ხოლო წლის ბოლომდე დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ზოლის 41 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რაც თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო 1 საათით შეამცირებს.
მიმდინარეობდა მშენებლობა რიკოთის მაგისტრალური გზის ოთხივე მონაკვეთზე, 53 გვირაბიდან სამუშაოები მიმდინარეობს 39 გვირაბზე, უკვე გაიჭრა 5 გვირაბი, ხოლო 96 ხიდიდან სამუშაოები მიმდინარეობს 53 ხიდზე. ქვეშეთი – კობის ჩქაროსნული გზაზე შენდება 9კმ გვირაბი და 13კმ ჩქაროსნული გზა. რომელიც სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია და ეკონომიკური დატვირთვისა, გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით, მას აქვს ტურისტული და დემოგრაფიული მნიშვნელობაც ამ კუთხისათვის.
ახალი გზა გარდა იმისა, რომ სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი, ასევე, გააუმჯობესებს ზამთრის სეზონზე გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხეობის მოსახლეობის პირობებს, ახალი გზა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობენ ხეობაში მოსახლეობის დაბრუნებას, ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას და ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლებას”- განაცხადა ცუცქირიძემ.
მისი თქმით, 2020 წელს ევროკავშირის და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით დაიწყო საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა (ჯამური ინვესტიციით 63 მლნ ევრო), რომელიც მოიცავს კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს, ხოლო 2021 წელს დამატებით 30 მლნ ევროს პროექტები განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის „ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამის” ფარგლებში, ასევე, მომზადდა თელავის, ზუგდიდის, ველისციხის, მესტიისა და უშგულის ურბანული განვითარების პროექტები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით 6 ქალაქისათვის.