ეკატერინე ტიკარაძე: მესმის, რომ თქვენ ეძებთ სკანდალს, თანამდებობის პირი და გუნდი არაა კავშირში ბიზნესთან

“მესმის, რომ თქვენ ეძებთ სკანდალს, თანამდებობის პირი და გუნდი არაა კავშირში ბიზნესთან”, – ასე უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან „რადიო იმედთან“ ინტერვიუში გააკეთა. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის მივალეობის შემსრულებელმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მესმის, რომ თქვენ ეძებთ სკანდალს. თანამდებობის პირი და გუნდი არაა კავშირში ბიზნესთან. თქვენ გაქვთ შეზავებული 2 კითხვა და 2 კითხვაზე პასუხი. ის თუ ვინ არის დაინტერესებული, რომ საქართველოს ჰყავდეს ცუდი ჯანდაცვის მინისტრი, ეს იყო კითხვაზე პასუხი, სადაც საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრი არ ფლობს დიპლომს და ვინ არის ამაში დაინტერესებული. მე ვთქვი, რომ გარკვეული ჯგუფები არიან ამით დაინტერესებულები. ხოლო რაც შეეხება ბრძოლასთან დაკავშირებულ კითხვას, აქ განმარტებული იყო, რომ გარკვეულ ბიზნესწარმომადგენლებს შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი ინტერესები, თუმცა დასახელებულები ჯგუფის წევრები ნამდვილად არ ყოფილან და არც გუნდში მყოფი არც ერთი მაღალჩინოსანი. ასევე მე აღვნიშნე, რომ ამისთვის საჭიროა საკმარისი მტკიცებულებები და ეს გამოძიება მე არ მიწარმოებია, ვინაიდან ამისთვის ნამდვილად არ მაქვს საკმარისი დრო და არც ინტერესი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

გუშინ „რადიო იმედთან“ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ „ვიღაცები დაინტერესებულები არიან,  საქართველოს ჰყავდეს არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი, ისინი შეიძლება არ იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, მაგრამ მათ საკმაოდ დიდი ბიზნესინტერესები აქვთ“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები