ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფო ინსულინს პარალელურად არ და ვერ შეისყიდის

“ინსულინთან დაკავშირებით შემიძლია, ვთქვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან პარალელური შესყიდვა ვერ და არ მოხდება”, – ამის შესახებ „რადიო იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ ყოვლისა, ხარისხიანი პროდუქციის შემოტანა უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამის შემდეგ პარალელურად დადგინდეს, რა უნდა ღირდეს ეს ხარისხიანი წამალი.

,,ინსულინთან დაკავშირებით შემიძლია, ვთქვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან პარალელური შესყიდვა ვერ და არ მოხდება, ეს სრულიად შეუძლებელია, ​თუმცა, კერძო სექტორს აქვს საშუალება, შემოიტანოს სხვა პროდუქცია,  ისიც საჭიროებს რეგისტრაციას რეგულირების სააგენტოს მხრიდან.

რეგულირების სააგენტოს აქვს საკმაოდ მკაცრი მიდგომა და ჩვენ ზაფხულშიც გვსურდა, კიდევ უფრო გაგვემკაცრებინა ეს რეგულაციები, რათა მოქალაქეებმა ხარისხიანი წამალი მიიღონ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში მედიკამენტები არის ძვირი, აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ იაფი წამალი, მაგრამ ნაკლებად ეფექტური. ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება მისი ჭარბი მოხმარება, რაც თავის მხრივ ზრდის ხარჯებსაც. ჩვენი მიზანია, პირველ ყოვლისა, უზრუნველვყოთ ხარისხიანი პროდუქციის შემოტანა და ამის შემდეგ პარალელურად დავადგინოთ, რა უნდა ღირდეს ეს ხარისხიანი წამალი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩინეთიდან და ინდოეთიდან უხარისხო ინსულინის შემოტანის შესახებ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა. მოგვიანებით ეკატერინე ტიკარაძემ ეს ინფორმაცია უარყო

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები