კახი კალაძე: თბილისში 32 ოჯახს 1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

“დღეს 32 ოჯახს, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, სიმბოლურდ ფასად, 1 ლარად გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები. ისნის რაიონში არის 13 ოჯახი, ნაძალადევში 10, მთაწმინდის რაიონში 4, გლდანის რაიონში 2. ოჯახებს დაუკანონდებათ აღნიშნული ფართები და იქნება მათი საკუთრება”, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, კახი კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე, კახი კალაძემ აღნიშნა, რომ გუშინ მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში კანონის ფარგლებში განახორციელა მშენებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი.

„მე ბევრჯერ მისაუბრია ამ თემაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამწუხაროდ, ქალაქში გვაქვს უკვე ბევრი კონკრეტული უბანი, რაიონი, სადაც მიმდინარეობს უკანონოდ მიწების დატაცება და შემდეგ  – უკანონოდ შენობა-ნაგებობის განთავსება. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გუშინ, სადაც მშენებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა, იქ არც ერთი ოჯახი, არც ერთი ადამიანი არ ცხოვრობდა. ამ ტერიტორიის ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, ასევე მიტაცებულ მიწებზე აშენებული აქვთ სახლები და ოჯახებით ცხოვრობენ, ჩვენ ამ ოჯახებს არ შევხებივართ და მხოლოდ განხორციელდა იმ ობიექტების დემონტაჟი, სადაც უშუალოდ მშენებლობები მიმდინარეობდა, ზოგი საძირკველში იყო, ზოგი ნახევარზე იყო ამოშენებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა გაფრთხილებები, რომ თავადვე განეხორციელებინათ დემონტაჟი, მათ ეს არ გააკეთეს და შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რადგან მიუღებელი და დაუშვებელია სახელმწიფო ქონების ასე დატაცება და ასე მოპყრობა. მე ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, კარგად მესმის გაჭირვება და ყველას გამოგვივლია და ყველამ ვიცით, რა არის გაჭირვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც მოვიპაროთ, მივიტაცოთ, ეს მიდგომა მიუღებელია“, – განაცხადა კახი კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები