ლილო, მახათა და ნავთლუღი – ცნობილი ადგილების ისტორია

თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, ლილოზე, მახათასა და ნავთლუღზე მოგიყვეთ და გაჩვენოთ, თუ როგორაა დახასიათებული 1985 წელს გამოცემულ წიგნში თითოეული მათგანი.


ლილო – ის გარემოება, რომ თბილისის უბნების დასახელება ზოგჯერ ამ ადგილებში განლაგებული ხასიათიდან მიმდინარეობდა, გვაფიქრებინებს, რომ ქალაქის ამ საგარეუბნო სოფელში საღებავის წარმოებას მისდევდნენ, რამაც დასაბამი მისცა უბნის დასახელებას.

მახათა – მახათას მთა თბილისს ჩრდილო–აღმოსავლეთიდან საზღვრავს. ვახუშტი ბატონიშვილს თბილისის 1735 წლის გეგმაზე მახათა №73-ით აქვს აღნიშნული. ამ გეგმაზე მახათას ფერდობთან დატანილია „შუატბის გზა“, ხოლო მახათას მთის ძირში მითითებული აქვს „მელიქის საყდარი“ (№59) და „ბებუთას ბაღი“. ბებუთას ბაღს ჩაუდიოდა შარაგზა, რომელიც ვახუშტი ბაგრატიონს აღნიშნული აქვს „ლილოს გზის“ სახელწოდებით (ეს ბაღი გაუშენებია მეფის მიერ ნაწყალობევ ვაკე ადგილზე მახათას ძირში ხოჯა ბეჰბუდას – თბილისის ზარაბს მე–17 საუკუნის 50–იან წლებში). საყდარიც ძველ სასაფლაოზე მისივე აშენებული ყოფილა. სასაფლაომ და საყდარმა ბოლო დრომდე მოაღწია ხოჯავანაქის სახელწოდებით. ეკლესია ამ უბნის რეკონსტრუქციის დროს აიღეს. პლატონ იოსელიანის მოწმობით, ძველად მახათაზე წმინდა ელიას სახელზე აუგიათ ეკლესია. მას აქ უნახავს ეკლესიის ნარჩენები აგურით ამოყვანილი შენობის ქვედა ნაწილი „ერთი არშინის სიმაღლისა“. სწორედ ამ ეკლესიიდან უნდა მოდიოდეს ამ უბნის ძველი დასახელება – ელიას უბანი, რომელიც ავლაბრის ჩრდილო–აღმოსავლეთითაა განლაგებული.

ნავთლუღი – „ხოლო ტფილისის–სამხრეთ–აღმოსავლეთით არს ნავთლუღი. მუნ დის ნავთი კიდესა მტკვრისასა, არამედ წყლის სიახლოვით მრავალი არ აიღების“… ამ ცნობას ვახუშტი ბატონიშვილი იძლევა. ცხადია, რომ ძველი სოფლის და დღეს თბილისის ვრცელი უბნის სახელწოდება ამ ადგილებში ნავთობის არსებობით აიხსნება. „ლუღი“ თურქული სიტყვაა და ადგილს ნიშნავს. აქ ძველთაგანვე წარმოებდა ნავთის მოპოვება ჭების საშუალებით.

დასახლება ნავთუღლის ტერიტორიაზე უძველეს დროს გაჩენილა. აქ აღმოჩენილი მცირერიცხოვანი არქეოლოგიური მასალა მეტად მრავალფეროვანია. სპეციალისტების აზრით, ეს მასალა გვიანბრინჯაოს ხანის შესანიშნავ ნიმუშად უნდა ჩაითვალოს და მოწმობს აქაურ მესაქონლეთა და მიწათმოქმედ მოსახლეობის იარაღის, სამკაულის, კერამიკული ნაწარმის ორიგინალური სახეობის შექმნის უნარზე.

ცნობილია, რომ ერეკლე მეორემ ფართომასშტაბიანი სამუშაოები ჩაატარა თბილისის ფორტიფიკაციული სისტემის და ქალაქის მისადგომების გასამაგრებლად. ერთ–ერთ ასეთ ღონისძიებას წარმოადგენს ციხესიმაგრის აგება ნავთლუღში, რომელსაც ხალხმა „ერეკლეს ციხე“ შეარქვა.1772 წელს თბილისში იყო რუსეთის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი იოან–ანტონი გიულდენშტედტი, რომელიც იხსენიებს ნავთლუღს და ერეკლეს ციხეს. ამ დროისათვის სოფელში 50 სახლი და მრავალი მიწური ყოფილა. გიულდენშტედტის ცნობით, სოფლის მოსახლეობას ქართველები შეადგენდნენ. მისივე აღწერით, ოთხკუთხა ციხის სიგრძე 80 ნაბიჯი და მას მრგვალი კოშკი აგვირგვინებდა. ერეკლეს მეფობის ხანაში სოფელი ნავთლუღი გაპარტახებული ყოფილა და ციხის აშენებასთან ერთად მეფეს მოსახლეობის აღდგენაზეც უზრუნვია.

ნავთლუღის შესამჩნევი განაშენიანება დაიწყო 1830–იან წლებში. იმ დროს თბილისიდან ჯერ კიდევ მოწყვეტილ უბანში აშენდა სამხედრო ჰოსპიტალი, ჰოსპიტალის მოსამსახურეების და სამხედრო პერსონალის საცხოვრებელი სახლების ინტენსიური მშენებლობა განსაკუთრებით თბილისი–ბაქოს რკინიგზის გაყვანისა და ნავთლუღის სადგურის აგების შემდეგ გაიშალა. აქ აღმოცენდა რკინიგზელების დასახლება. ამ ხანებში ნავთლუღის და დირსიჭალის ტერიტორია ვრცელი ბაღებით იფარება.

საბჭოთა ხელისუფლების წლებში ამ რაიონში გაიშალა ფართო სამრეწველო მშენებლობა. ნავთლუღის სადგურის არსებობამ განაპირობა მის მიდამოებში დიდი სასაწყობო მეურნეობის შექმნა. ვითარდება ავეჯის და ქაღალდის წარმოება, შენდება ლითონის კონსტრუქციების, მანქანების, ფეხსაცმლის, ფაიფურის, ქსოვილების საწარმოები. დიდ ფართობს იკავებს სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობები, ავტოსატრანსპორტო ბაზები, ხის სახერხი საწარმოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები