აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო, თუმცა, ზოგიერთ შტატში პროცესი ხვალ დაიწყება.
შტატებისთვის Pfizer/ BioNTech-ის ვაქცინის დარიგება უქმეებზე დაიწყო. ამჟამად ცნობილია, რომ პრეპარატი 50-ვე შტატში 145 პუნქტში დღეს მოხვდა, ხოლო 15 დეკემბერს კიდევ 425-ში, 16-ში კი 66 პუნქტს დაემატება.
როგორც კომპანია UPS-ის წარმომადგენელმა, უეს უილერმა განაცხადა, პრეპარატის ტრანსპორტირების დროს ყველაზე რთული მომენტია სათანადო ტემპერატურის შენარჩუნება, საჭიროა -73 გრადუსი და ამისთვის ყინულს გამოიყენებენ.
ფორმალურად ყველა შტატი თავად გადაწყვეტს, როგორი პრიორიტეტით აცრას მოსახლეობა, თუმცა, თავდაპირველად, ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოხუცთა თავშესაფრებში ხანდაზმულთა სახლებში მყოფი პირების აცრას მიანიჭა უპირატესობა.
ამჟამად, დამზადებულია ვაქცინის 3 მილიონამდე დოზა.
ადრე გახდა ცნობილი, რომ ქვეყნის ხელისუფლება წლის ბოლომდე 20 მილიონი ადამიანის აცრას გეგმავს, მომდევნო წლის ორი თვის განმავლობაში მაჩვენებელი 100 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.
რაც შეეხება ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს – როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, აცრას მოგვიანებით აპირებს.
ამასთან, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტებმა: ბარაკ ობამამ, ბილ კლინტონმა და ჯორჯ ბუშმა, ასევე, ქვეყნის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვაქცინის საჯაროდ გაკეთების მზაობა გამოთქვეს, რათა ამ გზით დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ პრეპარატი უსაფრთხოა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Pfizer/ BioNTech-ის ვაქცინით აცრა ბრიტანეთში დაიწყო.