„სირცხვილის ნიღაბი“ – ძველებური სააღმზრდელო ინსტრუმენტი „ჭორიკნებისა“ და „ლოთებისთვის“
ითვლება, რომ შუა საუკუნეები ძალიან სასტიკი პერიოდი იყო, სხვადასხვა დანაშაულისთვის მაშინვე სახალხოდ ამათრახებდნენ, კვეთდნენ თავს ან სახრჩობელაზე კიდებდნენ, მაგრამ, ყველაფერი ასე საშინლადაც არ იყო. იმ დროს არსებობდა სააღმზრდელო – გამოსასწორებელი ხერხები, ნაკლებად დამაზიანებელი, მაგრამ ისიც საკმაოდ მკაცრი. ჭორიკნებს, მეამბოხეებსა და ლოთებს სპეციალურ „სირცხვილის ნიღაბს“ უკეთებდნენ, რომელიც არა მხოლოდ ამცირებდა ადამიანს, არამედ დიდ დისკომფორტსაც ანიჭებდა.
„სირცხვილის ნიღაბი“ პირველად ჩრდილოეთ ინგლისსა და შოტლანდიაში მე-17 საუკუნეში გამოჩნდა. დასჯის ასეთი მეთოდი ევროპელებს საკმაოდ ეფექტური ეჩვენათ და ცოტა ხანში ის გერმანიაში, შემდეგ კი, სხვა ქვეყნებშიც გამოიყენეს.
ნიღბებს კაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვისაც ამზადებდნენ. ეს უცნაური, მახინჯი ნაკეთობა იყო, რომელიც სიცილს იწვევდა. ჭორიკნებს დიდყურებიან ნიღბებს უკეთებდნენ, მეამბოხეებს გრძელენიანი ნიღბები ერგოთ, ხოლო ლოთებს დიდცხვირიანი ან ღორის დინგის ფორმის ნიღბები ხვდათ წილად.
გარდა დამცირებისა, ნიღბის მფლობელები ძალიან დიდ დისკომფორტსაც განიცდიდნენ. მეტალის ეს ნაკეთობები ძალიან მძიმე იყო, ისინი ადამიანებს ჭამაში, დალევასა და ძილში ან სულაც თავის სწორად დაჭერაში ხელს უშლიდნენ.
„სირცხვილის ნიღბის“ ჩამოხსნაში დასჯილებს ხელს კლიტეები უშლიდათ, ხოლო სასჯელისგან თავის დაღწევის მცდელობა ჯარიმით და გამათრახებით ისჯებოდა. ნაკეთობის ტარების ხანგრძლივობა სასამართლოს მიერ განისაზღვრებოდა, ეს შესაძლოა ყოფილიყო როგორც რამდენიმე საათი, ისე რამდენიმე კვირა. თუკი დასჯილისთვის ნიღბის ტარება წამება იყო, უსაქმურებისთვის ეს კარგი სანახაობა გამოდიოდა. ნიღბიანი ადამიანის გადაადგილებას ქუჩაში მუდამ თან ახლდა დაცინვა, სტვენა, შეურაცხყოფა და დაუსრულებელი სიხარული. ეს იმისთვის ხდებოდა, რომ დასჯილისადმი მიემართათ ხალხის ყურადღება. ნიღბებს პატარა ზარები ჰქონდათ ჩამოკიდებული, რომელთა ხმაც „ჭორიკანის“ ან „ლოთის“ მოახლოების შესახებ აუწყებდა მოსახლეობას.