„ორმა გამცილებელმა შემოიყვანა ფერმიხდილი, დასისხლიანებული, ნაწამები“ – სისტემა ივანე კონიაშვილის წინააღმდეგ
სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს.
პოლიტპატიმრის, დავით გიორგაძის მოგონებიდან:
ორმა გამცილებელმა შემოიყვანა ივანე კონიაშვილი, ფერმიხდილი, დასისხლიანებული, ნაწამები. პროფესორი ფეხზე ვერ დგებოდა. დავაწვინეთ, როგორც შეგვეძლო მოვუარეთ. დიდხანს ხმა არ ამოუღია. ზურგზე ვერ დაწვა, მხრები და წელი ერთ მთლიან იარას წარმოადგენდა… ეს უკვე მეშვიდედ განიცადა მან ადამიანის ღირსების გათელვა, უღმერთო წამება. მისი გამომძიებელი მუქარით, ლანძღვით, რეზინის მათრახითა და ჯოხით მეშვიდედ მოითხოვდა მისგან ეცნო თავი დამნაშავედ, აეღო ბრალდება ჯაშუშურ მოქმედებაში. მესამე დღეს პროფესორი კონიაშვილი კვლავ წაიყვანეს. უკვე მზემ შემოაჭვრიტა, როდესაც ცოცხალ-მკვდარი საკაცით შემოგვიგდეს…
ივანე გრიგოლის ძე კონიაშვილი დაიბადა 1889 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. მესამე კურსიდან გადავიდა პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში, რომელიც დამთავრა 1913 წელს. იმავე წლიდან გაიწვიეს ჯარში და პირველ მსოფლიო ომში მსახურობდა კასპიისპირეთის ოლქის მოქმედ არმიაში, სამხედრო ექიმად.
1919 წლიდან დაიწყო მუშაობა თბილისის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის თერაპიის კათედრაზე ბალნეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად, პარალელურად იყო საკურორტო სამმართველოს უფროსის მოადგილე სამკურნალო დარგში და იმავე სამმართველოსთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 1922 წელს დაინიშნა ბორჯომში გახსნილი №1 სანატორიუმის მთავარ ექიმად.
1924–1930 წწ. მივლინებული იყო და ეცნობოდა საკურორტო სამკურნალო საქმეს გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში და ჩეხოსლოვაკიაში. მუშაობდა ცნობილი მეცნიერების, გერმანელი ბალნეოლოგების, ადოლფ ბიკკელის და კარლ ფონ ნოორდენის ხელმძღვანელობით. უცხოეთიდან დაბრუნებულმა საქართველოში ჩამოიტანა ბიოქიმიური ლაბორატორიის სრული აღჭურვილობა.
ივანე კონიაშვილის თაოსნობით, 1930 წელს თბილისში გაიხსნა კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი, რომლის დირექტორად ის დაინიშნა. ერთდროულად, 1930–1936 წლებში ის იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის კათედრის გამგე. 1935 წელს მიენიჭა პროფესორის ხარისხი.
მან პირველმა დანერგა საქართველოში კურორტოლოგიური კვლევის ბიოქიმიური მეთოდები. იგი შეისწავლიდა შაქრიან დიაბეტზე ბორჯომის წყლის გავლენას. მოაწყო ექსპედიციები წყალტუბოში, ახტალაში, ჯავაში, ბახმაროზე, ცემში, აბასთუმანში, შოვში, საირმეში და ა.შ. იყო საქართველოს ანტირევმატული კომიტეტის ორგანიზატორი და პირველი თავმჯდომარე.
ივანე კონიაშვილი დააპატიმრეს 1938 წლის 29 აპრილს. ბრალად დასდეს, რომ იყო პოლონეთის სადაზვერვო სამსახურის აგენტურის წევრი. დაპატიმრებამდე ჰქონდა მუდმივი კავშირი პოლონეთის დაზვერვის რეზიდენტებთან თბილისში და ინტენსიურად ეწეოდა ჯაშუშურ-სადაზვერვო საქმიანობას, რომ იყო კონტრევოლუციური ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომელიც მოქმედებდა საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის სისტემაში.
შინსახკომის სამეულმა გოგლიძის, წერეთლის და ტალახაძის შემადგენლობით, 1938 წლის 25 სექტემბერს განუსაზღვრა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა პირადი ქონების კონფიკაციით… განაჩენი აღასრულეს მეორე დღეს, 26 სექტემბერს, წლების შემდეგ კი, ნათესავებს განუცხადეს, რომ შრომა-გასწორების ბანაკში გარდაიცვალა გულის მანკით 1945 წლის 10 ივლისს.
დააპატიმრეს მისი მეუღლე – სოფიო, რომელმაც გადასახლებაში 10 წელი მოიხადა.