თემქა, ვეძისი, დელისი და ვაკე – ცნობილი დასახელებების წარმოშობის ისტორია

თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, თემქაზე, ვეძისზე, დელისსა და ვაკეზე მოგიყვეთ და გაჩვენოთ, თუ როგორაა დახასიათებული 1985 წელს გამოცემულ წიგნში თითოეული მათგანი.


თემქა – სრულიად ახალი სახელწოდებაა დასახლებისა ღრმაღელეში, რომელიც თბილისის ელმავალსაშენებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოიშვა. დასახლების სახელიც სწორედ ამ საწარმოს დასახელების შემოკლებაა.

ვეძისი – ვეძისი თბილისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფლის სახელწოდებაა. როგორც ჩანს, ამ ადგილებში მჟავე და მლაშე წყლები იყო – „მომჟავო წყარო ბუნებით“ (საბა). სოფელი მდებარეობდა აწინდელი კანდელაკის ქუჩის მიდამოებში.

ვაკე – თბილისის ამ ვრცელმა უბანმა სახელწოდება ადგილმდებარეობის ხასიათის გამო მიიღო. „ვაკე, ქვეყანა ბრტყელი“ (საბა). იგი იფარგლება სამხრეთ–აღმოსავლეთიდან ვარაზის ხევით, ჩრდილოეთიდან მდინარე ვერეთი, სამხრეთიდან და სამხრეთ–დასავლეთიდან მაღლობებით. მე–20 საუკუნის დასაწყისისათვის წყნეთის (აწინდელი მელიქიშვილის) ქუჩის განაშენიანებამ მიაღწია ვარაზისხევს, რომელზედაც მცირე ხიდი იყო გადებული. ვაკის უბანი თბილისს 1907 წელს შემოუერთეს.

ვაკის ინტენსიური გაშენება საბჭოთა ხელისუფლების წლებში დაიწყო. დიდი ხნის განმავლობაში, ეს ვრცელი უბანი თბილისის ცენტრს მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩით უკავშირდებოდა. დღეს იგი გმირთა მოედანზე ფართო ქუჩით გადის, რომელიც ხევის შევსების ხარჯზე წარმოიშვა. ვაკე ამჟამად თბილისის ერთ–ერთი დიდი საცხოვრებელი რაიონთაგანია, მაგრამ საცხოვრებლის გარდა, აქ თავმოყრილია უმაღლესი სასწავლებლები, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები.

თბილისის გამწვანების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო გამარჯვების პარკის მშენებლობა 1946 წელს (არქიტექტორი კ. დგებუაძე, დენდროლოგი ნ. ციციშვილი).

დელისი – ამ ტოპონიმის ძირის – „დელი“ – მნიშვნელობაზე ერთიანი აზრი არ არსებობს. ზოგი მას აზერბაიჯანულ სიტყვა „დელი“–სთან აკავშირებს, ზოგიერთი კი, იმ აზრისაა, რომ (ვინაიდან ეს ტერიტორია ძველ დროს ტყით იყო დაფარული) შესაძლოა, ახლანდელი დასახლება „ძელისაგან“ მოდიოდესო. სხვები ფიქრობენ, რომ იგი „მდელოსაგან“ უნდა მიმდინარეობდეს. დელისი თბილისის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილშია განლაგებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები