მაკარ ფანცულაია – წითელარმიელი, რომელიც მსახიობებს შეძლებისდაგვარად მფარველობდა
სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს.
მაკარ სტეფანეს ძე ფანცულაია დაიბადა ზუგდიდის მაზრის სოფელ კახათში, იქვე მიიღო დაწყებითი განათლება, ხოლო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სწავლა განაგრძო ე.წ. მუშფაკში (სპეციალური სასწავლებელი, მუშათა ფაკულტეტი) ქ. თბილისში.
სასწავლების დამთავრების შემდგომ, 1924 წლიდან მსახურობდა საბჭოთა წითელ არმიაში, 1929 წელს დაოჯახდა ნეოლინა ჯიქიაზე, შეეძინა ორი შვილი. 30-იანი წლების დასაწყისში, სამხედრო მეთაურების წარდგინებით, ჩაირიცხა მ. ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემიაში, მოსკოვში. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, დაპატიმრების მომენტში კი, 47-ე საარტილერიო პოლკის I დივიზიონის უფროსი პოლიტხელი იყო.
გატაცებული იყო თეატრით, მეგობრობდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრის დასის მსახიობებთან. მისი მეუღლის მოგონებებით, მათ, შესაძლებლობის ფარგლებში, მფარველობდა კიდეც. მას შემდეგ, რაც სანდრო ახმეტელის მიერ დადგმული სპექტაკლი „ლამარა“ იხილა, აღფრთოვანებულმა მაკარი ფანცულაიამ თავის უმცროს ქალიშვილს სახელი გადაარქვა და ლამარა დაარქვა. როგორც ჩანს, სიმპათიები ორმხრივი იყო, რადგან, ქუთაისში სამუშაოდ გადასვლამდე 1933 წელს, რუსთაველის თეატრის მსახიობებმა გულითადი გაცილებაც კი მოუწყვეს და წარწერით „შეფის – რუსთაველის თეატრისაგან“ (სავარაუდოდ “შეფი” მაკარი ფანცულაიას ზედმეტსახელი იყო) სუვენირი აჩუქეს.
მაკარი დააკავეს 1938 წელს ქუთაისში. მის მეუღლეს ეუბნებოდნენ, რომ მას ბრალდებოდა წითელი არმიის ქონების საბოტაჟი, კონკრეტულად კი, პოლკის კუთვნილი ცხენების განზრახ მოწამვლა. ოფიციალური ბრალდება ოჯახისთვის ცნობილი არ იყო. ოჯახს მაკარის დაკავებისთანავე დაატოვებინეს ქუთაისის ბინა. მის ცოლშვილს დაუტოვეს მაკარის კუთვნილი მხოლოდ 1 ოთახი თბილისში. ე.წ. „იტალიურ ეზოში“.
ოფიციალურად, მაკარის ბრალად დაედო შემდეგში:
1932 წლიდან შედიოდა არალეგალურ, სამხედრო კ/რ მემარჯვენე-ტროცკისტულ ორგანიზაციაში, პარტიულ-პოლიტიკურ სამუშაოებზე ეწეოდა მავნებლობას, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერის შესუსტებისკენ. ეწეოდა კ/რ ორგანიზაციაში ახალი წევრების გადაბირებას. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო, მხილებულია ი. ს. ჯალაღანიას, ნ. ი. თავართქილაძის, ნ. ი. მაღალაშვილის და ე. ს. თავართქილაძის ჩვენებებით. სასჯელი, გათვალისწინებული 58-7, 58-8, 58-11 მუხლებით.
მეუღლე მაკარის მოკითხვის ყოველ ჯერზე იღებდა პასუხს, რომ პატიმარს მიესაჯა გადასახლება 10 წლით, მიმოწერის უფლების გარეშე. ყველა ხვდებოდა, რომ აღნიშნული ფორმალური პასუხი დახვრეტას ნიშნავდა, თუმცა ისევე, როგორც სხვები, ნეოლინაც იმედოვნებდა, რომ მაკარი ცოცხალი იყო.
მხოლოდ 1956 წელს, მას შემდეგ, რაც სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, ოჯახისთვის გახდა ცნობილი, რომ მაკარი 1938 წლის 10 ოქტომბერს თბილისთან ახლოს დახვრიტეს.