თბილისში, ღოღობერიძისა და ქსოვრელის კვეთასთან გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძისა და ქსოვრელის ქუჩების კვეთასთან გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 16,2 მ სიგრძისა და 4 მ სიმაღლის საყრდენი კედელი შენდება, ასევე, ლითონის დამცავი ღობე დამონტაჟდება.
სამშენებლო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი – ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.
„ამ მისამართზე საკმაოდ რთული მდგომარეობა დაგვხვდა. ძველი, ავარიული კედელი დანგრევის პირას იყო და საშიშროებას წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ ეტაპზე, ნახევარი კედელი მოწყობილია და მეორე ნახევარი შენდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული გზა უსაფრთხო გახდება როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე – ავტოტრანსპორტისთვის“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 34 000 ლარით დაფინანსდა.