ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ, მიმართვიანობა არ არის მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ წელს ამდენი გრიპის ვაქცინა არ გვქონია
ყველას შეუძლია აიცრას, რადგან, სამწუხაროდ, მიმართვიანობა არ არის მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ წელსს ჩვენ ამდენი გრიპის ვაქცინა არ გვქონია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, სახელმწიფომ სულ შეისყიდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 235 000 დოზა, საიდანაც დახარჯულია 160 000 დოზა, მათ შორის 10 000 გადაეცა აფხაზეთს.
„ჩვენ შევისყიდეთ 235 000 დოზა, სახელმწიფომ, თორემ გრიპის ვაქცინა გაცილებით მეტი იყო ქვეყანაში, როგორც მაქვს ინფორმაცია, კერძო სექტორს დაახლოებით 60 000-70 000 დოზა ჰქონდა შესყიდული.
დღევანდელი დილის მონაცემებით, დახარჯულია 160 000 დოზა, მათ შორის 10 000 დოზა ჩვენ გადავეცით აფხაზეთს, საქმის კურსში რომ ბრძანდებოდეთ, ასევე აიცრა ჩვენი ქართული ჯარი და კიდევ ის რისკ ჯგუფები, რაც ჩამოთვლილია. რაც შეეხება თავისუფალ დღეებს, პრინციპში, ჩვენ ბოლოს ორჯერ შევიტანეთ ცვლილება ბრძანებაში, რომ შესაძლებელია თითქმის ყველასთვის, ვისაც გსურთ, მიბრძანდით.
ანუ, მოვხსენით 65 წელზე ზემოთ შეზღუდვა, თუ გაქვს ქრონიკული დაავადებები მხოლოდ მაშინ. ყველას შეუძლია აიცრას, რადგან, სამწუხაროდ, მიმართვიანობა არ არის მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთწელიწადს ჩვენ ამდენი გრიპის ვაქცინა არ გვქონია.
ასევე, ბოლოს დავამატეთ მასწავლებლები, იცით, ჩართული გვყავდა რისკ ჯგუფებში ბაღის აღმზრდელები და ინტენსიურად აიცრენ, ასევე მასწავლებლებს შეუძლიათ, თავიანთ პოლიკლინიკებში მიბრძანდნენ და აიცრან, ეს ვაქცინა ყველგან არის, არავინ უარს არ ეუბნება, თუ მივლენ და აიცრებიან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.