ამირან გამყრელიძე: უნდა ვიმუშაოთ ორივე გზით, ერთი არის კოვაქსპლატფორმის გზა, მეორე უშუალოდ მწარმოებლებთან კონტაქტი, რომ ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად იყოს ხელმისაწვდომი

კოვაქსპლატფორმის მექანიზმი დიდი ალბათობით ამუშავდება ადრეულ გაზაფხულზე, მარტი-აპრილში. მანამდეც ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ თვითონ მწარმოებლებთან, რამდენიმესთან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების მეშვეობით შექმნილი სპეციალური მაკოორდინირებელი კომიტეტი დონორებთან ერთად ადგენს ე.წ. იმპელმენტაციის გეგმას, სადაც ყველა სცენარი უნდა იქნას გაწერილი.

„კიდევ უფრო მეტად ინტენსიური გახდა მუშაობა კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით. მე რამდენჯერმე მოგახსენეთ, რომ ჩვენ გაერთიანებული ვართ კოვაქს-პლატფორმაზე. კოვაქს-პლატფორმაში სადღაც 170 ქვეყანაა. ჩვენ პირველი შენატანი დაახლოებით 4 მილიონი დოლარი გადახდილი გვაქვს იმ პირობით, რომ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა გვექნება. ანუ, კოვაქსი შეისყიდოს 4-5 ვაქცინას მაინც, ის იქნება ფაიზერის, მოდერნას, ასტრაზენეკასი, თუ სხვა, შემდეგ ჩვენ გვექნება არჩევის უფლება, თუ რომელს მიიღებს საქართველო.

ამავე დროს, მოგახსენეთ, რომ კოვაქს-პლატფორმის მექანიზმი დიდი ალბათობით ამუშავდება ადრეულ გაზაფხულზე, მარტი-აპრილში. მანამდეც ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ თვითონ მწარმოებლებთან, რამდენიმესთან. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს საშუალებით სამინისტროში შექმნილია სპეციალური მაკოორდინირებელი კომიტეტი. დღესაც ორ საათზე არის ონლაინ სხდომა ჩვენს დონორებთან ერთად, სადაც უნდა განვიხილოთ და იწერება ე.წ. იმპლემენტაციის, ანუ დანერგვის გეგმა, რომელიც მალე, დაახლოებით ორ კვირაში მზად უნდა იყოს, ყველა სცენარი უნდა იქნას გაწერილი.

იცით, ამ ვაქცინებს შორის განსხვავებებია, ფაიზერს სჭირდება მინუს 70-იანი ცივი ჯაჭვი, მოდერნას მინუს 20-იანი ცივი ჯაჭვი, დანარჩენებს სჭირდებათ ჩვეულებრივი ორიდან რვა გრადუსამდე. ანუ, ის რაც ჩვეულებრივ სხვა ვაქცინებს, რომლის სისტემაც ქვეყანაში აწყობილია, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სამივე ვერსიისთვის, სამივე ვარიანტისთვის.

ამიტომ ამაზე მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, მსოფლიო ბანკი და კიდევ სხვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ძალიან გვინდა, რომ რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე…იცით, რომ ინგლისი უკვე აძლევს დასტურს ფაიზერის ვაქცინის გამოყენებას, უკვე ერთი კვირის შემდეგ შოტლანდია აპირებს, დაიწყოს აქტიური ვაქცინაცია, პირველ რიგში, რისკ-ჯგუფებით იწყებენ, სამედიცინო პერსონალით, აშშ, ის დიდი ქვეყნები, რომლებიც თვითონ აწარმოებენ ვაქცინებს, აპირებენ, დაიწყონ. გერმანიამ, კიდევ რამდენიმე ქვეყანამ ეს გამოაცხადა, ძირითადად, დიდმა ქვეყნებმა. ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ორივე გზით, ერთი არის კოვაქს პლატფორმის გზა, მეორე უშუალოდ მწარმოებლებთან კონტაქტი, რომ ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად იყოს ხელმისაწვდომი. პირველ რიგში ჩვენთანაც, იმ რისკ ჯგუფებისთვის, რომელსაც ქვეყანა დაადგენს. აქ იქნება სამედიცინო პერსონალი, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით ხანდაზმული ადამიანები, მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები