ლევან პორფირეს ძე რუხაძე – მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა (დახვრეტა)
სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს.
საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის შევსებულ ანკეტაში ვკითხულობთ:
სოციალ დემოკრატი, 25 წლის, უცოლშვილო, ეროვნება – თათარი*, პროფესიით მასწავლებელი.
განათლება – საოსტატო სემინარია, გაზეთ „ერთობის“ თანამშრომელი („ჯამაგირს არ ვიღებ“), საქართველოს რომელი ქალაქიდან – ახალციხე-ახალქალაქი, ბორჯომის პროვინცია, თფილისის დაწვრილებითი ადრესი – ოლღას ქ. №22 (დღევანდელი მერაბ კოსტავას ქუჩა).
ლევან (ლეო) პორფირეს ძე რუხაძე დაიბადა ქუთაისის მაზრის დაბა ხონში 1894 წელს. სხვა ცნობის მიხედვით – ქ. ახალციხეში.
1900-იან წლებში გაწევრიანდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში.
1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის (შემდგომში სახალხო გვარდიის) ერთ-ერთი დამაარსებელი, მთავარი შტაბის წევრი.
იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და რეგულარულად სწირავდა თანხებს ორგანიზაციას (წყარო: წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო გადასახადის აღრიცხვის დავთრები და წევრთა სიები, 1916-1916).
1919 წლის 12 მარტიდან გახდა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი (აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა (მენშევიკური) პარტიის სიით); დამფუძნებელ კრებაში იყო საბიბლიოთეკო კომისიის წევრი.
აქტიურად მუშაობდა ახალციხის მხარეში, „ოსმალოს საქართველოში“ ხელისუფლების განმტკიცებისათვის. ასე მაგალითად, 1919 წლის ივნისში ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოების განყოფილებამ ლევან რუხაძის თაოსნობით აღადგინა ობოლ ბავშვთა თავშესაფარი, რომელიც ოსმალთა შემოსევის დროიდან დაკეტილი იყო. (წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919, 24 ივნისი).
გასაბჭოების შემდეგ ლეო რუხაძე ჩაერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში და საქართველოში დარჩა პოლიტიკური და პუბლიცისტური საქმიანობის გასაგრძელებლად. მალევე, 1922 წელს, სხვა 50 ქართველ პოლიტპატიმართან ერთად საქართველოდან გაასახლეს ქ. სუზდალში. რუსულ ციხეში იგი მამობილთან, გრიგოლ ლორთქიფანიძესთან ერთად იჯდა НКВД-ს ციხის ბნელ კამერაში.
სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ, 1926 წლის 15 იანვარს გადაასახლეს ქალაქ ორიოლში; 1928 წლის 31 დეკემბერს 3 წლით გაუხანგრძლივეს გადასახლების ვადა.
სასჯელის მოხდის შემდეგ, ლევან რუხაძე აღმოსავლეთ ყაზახეთში, ქ. სემიპალატინსკში დასახლდა.
1922 წლიდან მოყოლებული, ლეო რუხაძემ რეპრესია განიცადა ხუთჯერ, მეექვსედ და საბოლოოდ, 1937 წლის 16 აპრილს დააპატიმრა აღმოსავლეთ ყაზახეთის მხარის შინსახკომის რაიონულმა განყოფილებამ. 1937 წლის 23 ოქტომბერს, განსაკუთრებულმა სამეულმა მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა.
მისი საფლავი უცნობია…
* ამ შემთხვევაში ეროვნების გრაფაში „თათარი“ გულისხმობს ქართველ მუსლიმს. ქართველ მუსლიმებს რუსეთის იმპერიაში „თათრებად“ მოიხსენიებდნენ.
პუბლიკაციაში წარმოდგენილი ლევან რუხაძისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის ფოტოდოკუმენტები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.