როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას – ამირან გამყრელიძის განმარტება
“გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა, დიდი ალბათობით, ეს იქნება ჩემი გადასახედიდან სადღაც მარტი-აპრილისთვის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო კოვაქს-პლატფორმასთან თანამშრომლობს, რომელიც 2021 წლისთვის სხვადასხვა ვაქცინის მილიარდობით დოზას შეიძენს.
„სხვათა შორის, კარგი გადახდის პირობები გაკეთდა კოვაქს-პლატფორმასთან. ჩვენ რომ გადავიხადეთ 4,5 მილიონი წინასწარი შენატანით, ცოტა მეტი გადავიხადეთ, მაგრამ გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. ანუ რასაც გიკარნახებენ, ის კი არ შემოიტანო, შენ შეარჩიო ვაქცინა. ამიტომ, დიდი ალბათობით, ეს იქნება ჩემი გადასახედიდან სადღაც მარტი-აპრილისთვის. მაგრამ, ამავე დროს, დავალება არის საკოორდინაციო საბჭოსი და ჩვენც ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე, გარდა კოვაქს-პლატფორმისა, რამდენიმე კომპანიასთან. პარასკევსაც დიდი ტელეკონფერენცია გვქონდა Astra Zeneka-სა და ოქსფორდის ვაქცინასთან პირდაპირ შესყიდვებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, პროცესში საქართველოს საელჩოებიც არიან ჩართულნი.