გიორგი გახარია: სიტუაცია რთულია, თუმცა, ყველაფერი არის მართვადი
“სიტუაცია არ არის მარტივი, სიტუაცია არის რთული, თუმცა, ეს ყველაფერი არის მართვადი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში შედგა შეხვედრები, რომელზეც განხილული იყო მიმდინარე როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე – ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში.
„ჩვენ დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია, გარკვეულ ღონისძიებებზე ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, სიტუაცია არ არის მარტივი, სიტუაცია არის რთული, თუმცა, ეს ყველაფერი არის მართვადი. ჩვენ ისევე, როგორც აგვისტომდე ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად ვახერხებდით ფაქტობრივად საუკეთესოდ ბალანსის დაჭერას ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის, ჩვენ ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ. რა გვაქვს მსოფლიოში? – მოგეხსენებათ, მსოფლიოში არის ეპიდემიის რეკორდული ზრდა, ეს განსაკუთრებით არის კონცენტრირებული ევროპაში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როცა მე ვსაუბრობ ბალანსზე, ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო ეპიდემიის მართვაში ეკონომიკასთან ერთად ბალანსის დაჭერა, რაც შემდეგ გადაიზარდა ადაპტაციაში. ჩვენ ამ პოლიტიკას და ამ სტრატეგიას გავაგრძელებთ ეფექტურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.