თბილისის მეტროს 250 მემანქანიდან 20-მდე მემანქანე ინფიცირებულია. როგორც „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ინფიცირებული მემანქანეები იზოლაციაში არიან გადაყვანილნი. იზოლაციაშია, ასევე, იმ თანამშრომლების ნაწილიც, რომელსაც დაინფიცირებულ მემანქანეებთან ჰქონდა კონტაქტი.
სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ შემქნილი ვითარება და თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მეტროპოლიტენის მუშაობის შეფერხებას არ გამოიწვევს. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, კომპანიის კონტრაქტორი ორგანიზაციები ამ საკითხზე აქტიურად ზრუნავენ.
„ჩვენ გვყავს კონტრაქტორი ორგანიზაციები, რომლებიც გვიწევენ როგორც სწრაფი ტესტებით, ასევე – პისიარ ტესტებით მომსახურებას. ტესტებით სარგებლობა თითოეულ თანამშრომელს შეუძლია მაშინვე, როგორც კი მათ უფიქსირდებათ რაიმე სახის სიმპტომი, რომელიც Covid-19-თან შეიძლება, იყოს დაკავშირებული. ეს გამოკვლევები თანამშრომლებისთვის უფასოა”, – აღნიშნავენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
კომპანიაში, ასევე, ეხმაურებიან თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „ერთობა 2013“-ის განცხადებას, რომლის თანახმადაც, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს ეკისრება, რადგან მათ არ გაითვალისწინეს მეტროს მემანქანეთა პროფკავშირის რეკომენდაციები, რაც მეტროპოლიტენის 07:00-ზე გახსნასა და 21:00-ზე ჩაკეტვას გულისხმობდა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, მუშაობის განრიგი არ შეიცვლება, სანამ საკოორდინაციო საბჭო შესაბამის ინსტრუქციას არ გასცემს.
„რეკომენდაციებს, ზოგადად, დარგის სპეციალისტების მითითებების გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს. ჩვენ თითქმის უკვე 1 წელია, ვითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გაიცა. ახლაც 10-საათიან რეჟიმზე სწორედ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით გადავედით. გარდა ამისა, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება დეზინფექცია როგორც მეტროსადგურების, ასევე – ვაგონებისა თუ მუნიციპალური ავტობუსების. ინფიცირების ფაქტები არ გულისხმობს იმას, რომ კომპანია უგულებელყოფდა რაიმე მითითებას, რომელიც უსაფრთხოების ზომებთან იყო დაკავშირებული.
რაც შეეხება მათ შემოთავაზებას – სამუშაო საათების შემცირებასა და ინტერვალების გაზრდას – მისაღები არ არის, რადგან შესაბამისი რეკომენდაცია დარგის სპეციალისტებს არ გაუციათ და თანაც ეს ტვირთად დააწვებოდა მგზავრებს. დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დროის კონკრეტულ მონაკვეთში რაც შეიძლება ნაკლები მგზავრი გვყავდეს როგორც ბაქანზე, ასევე, მეტროს ვაგონსა თუ ავტობუსში. ამისათვის საჭიროა, პირიქით, რაც შეიძლება მეტი რაოდენობის სატრანსპორტო საშუალება რაც შეიძლება სწრაფი ინტერვალით მოძრაობდეს, რათა ბევრმა მგზავრმა ერთად არ მოიყაროს თავი”, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.