ნინა კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კლინიკების ხელმძღვანლებთან შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინა კობახიძემ განაცხადა, მსგავსი სამუშაო შეხვედრები ყოველ კვირას იმართება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა ზუსტად იცოდეს გამოწვევები, რასაც “ველოდებით ყოველდღიურ რეჟიმში და თავის მხრივ სახელმწიფოსთან ვცვლით ინფორმაციას, თუ როგორ ვახდენთ ტრიაჟს ჰოსპიტალში განთავსებული პაციენტების, რამდენად მართვადია სიტუაცია, რამდენად მზადყოფნაა ინტენსიური საწოლების თუ სამედიცინო პერსონალის მეშვეობით ასევე, ჟანგბადის ქარხნების აღჭურვის თვალსაზრისით რა წინსვლები გვაქვს”.
მისივე თქმით, სიტუაცია არის რთული, თუმცა, ამ ეტაპისთვის მართვადი.
„ჩვენი აზრით, სიტუაცია არის რთული, თუმცა, ამ ეტაპისთვის მართვადი გამომდინარე იქედან, რომ თითოეულმა კლინიკამ ვიცით, ჩვენს რეგიონში რა რესურსები მობილიზება გვჭირდება და ამ ინფორმაციის გაცვლას ვახორციელებთ პრემიერთან. მნიშვნელოვანია, რომ თავის მხრივ მოსახლეობამაც ხელი შეგვიწყოს და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ და ჰოსპიტალში განთავსებული პაციენტების ინტენსიურ თერაპიაში გადაყვანის რისკებიც უნდა ვმართოთ. დღევანდელი მოცემულობით, ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენა”, – განაცხადა ნინა კობახიძემ.