მიხეილ ჩხენკელი: დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ეხმიანება.

მისი თქმით, ამერიკის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში ყველა მიმართულებით ძალიან დიდია.

„უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში. ძალიან დიდია ამერიკის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში ყველა მიმართულებით. ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით გრძელდება და ახალ განზომილებებს იძენს. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მრავალი წელია, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ამის დასტურია, ამერიკის ხალხისა და მთავრობის მიერ განათლებაში ჩადებული მრავალმილიონიანი ინვესტიცია, რომელიც ათეულობით ახალი სკოლის მშენებლობას, მასწავლებლებისა და ლექტორების გადამზადებას, ერთობლივი საუნივერსიტეტო პროგრამების შექმნას, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, აშშ-ის მთავრობამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით მრავალმილიონიანი გრანტი გამოყო, რომელიც ისტორიული ძეგლების რესტავრაციას, კონსერვაციას, დიაგნოსტიკასა და დიგიტალიზაციას ხმარდება.

მინისტრმა განაცხადა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა გრძელდება, დაწყებულია ახალი პროგრამები, ფართოვდება არსებული მექანიზმები. სულ მალე საქართველოსა და აშშ-ის მთავრობები გააფორმებენ თანამშრომლობის შეთანხმებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები