ამირან გამყრელიძე: პირბადეზე მოწოდების გამო, სოცქსელში ჩემზე ქირქილია – ნუ გავაშარჟებთ ამ მოწოდებას
“გვენდეთ და დაგვიჯერეთ, რომ პირბადე ყველამ ყველა ადგილზე უნდა ვატაროთ. როცა მე ამას ვამბობ, მერე სოციალურ ქსელში ჩემზე ქირქილია – სოფელში თუ ტყეში პირბადით ვიაროთო? ნუ გავაშარჟებთ ამ მოწოდებას”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პირბადეზე დიდი დამცველობითი უნარი, ჯერჯერობით, არაფერს არ აქვს.
„გამოსავალს დღევანდელი პანდემიის შეჩერებისა და დაძლევის კუთხით ვხედავთ ჩვენ სახელმწიფოს, სამედიცინო პერსონალისა და საზოგადოების კოორდებულ მუშაობაში. სად არის ყველაზე მეტი დარღვევა? არის იქ, სადაც არ გვჯერა, რომ პირბადეს აქვს დამცველობითი უნარი, არადა ვსაუბრობთ, რომ პირბადეზე დიდი დამცველობითი უნარი, ჯერჯერობით, არაფერს არ აქვს, არც, ჯერჯერობით, შეუქმნელ ვაქცინას. რიცხვებს ვამბობთ, რომ თუ ჩვენ ავიყვანთ ქვეყანაში პირბადის ტარებისა და მოხმარების მაჩენებელს 95%-მდე, ამის პროგნოზირებას აკეთებენ დიდი და წამყვანი ინსტიტუტები, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას შევამცირებთ, დაახლოებით, 70%-ით. ამიტომ, გვენდეთ და დაგვიჯერეთ, რომ პირბადე ყველამ ყველა ადგილზე უნდა ვატაროთ. როცა მე ამას ვამბობ, მერე სოციალურ ქსელში ჩემზე ქირქილია – სოფელში თუ ტყეში პირბადით ვიაროთო? ნუ გავაშარჟებთ ამ მოწოდებას! არავინ გეტყვით ტყეში მარტო თუ მიდიხართ, რომ პირბადით იაროთ და ჩემს სოფელში, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, ერთი გლეხი ცხოვრობს, იმას არავინ არ ეტყვის, რომ იაროს პირბადით, მაგრამ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში უნდა ვიაროთ პირბადით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.