საბერძნეთში საქართველოს კონსულმა ქვეყნის შესაბამის უწყებებს საპატიმროში მყოფი ქართველების მონახულების ნებართვა სთხოვა

თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ციხის დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მონახულების თხოვნით საბერძნეთის შესაბამის უწყებებს მიმართავს.

გუშინ ბერძნულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ საპატიმროში კორონავირუსი 59 პატიმარსა და უწყების 6 თანამშრომელს დაუდასტურდა. კოვიდინფიცრებულებს შორის საქართველოს 12 მოქალაქეა.

თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა წერილით მიმართა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოქალაქეთა დაცვის სამინისტროს ანტიკრიმინალურ დეპარტამენტსა და სახალხო დამცველის ოფისს, რათა მოხდეს ციხეში მისი შეშვება საქართველოს მოქალაქე პატიმრების მდგომარეობის, მათი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით.

ამის შესახებ “კვირას,, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს.

როგორც აღინიშნება,  კონსული წერილში ამბობს, რომ ქართველი პატიმრების ოჯახის წევრები გამოთქვამენ უკმაყოფილებას ციხეში ნათესავების მდგომარეობის გამო და რომ მათი შესაბამისი შინაარსის საჯარო მიმართვაც გავრცელდა.

“წერილში გენერალური კონსული აღნიშნავს, რომ საპატიმროში მყოფ, საქართველოს 12 მოქალაქეს დაუდასტურდა COVID-19, რომ თავად კონსული ყოველდღიურ კონტაქტზე არის საპატიმროს ადმინისტრაციასთან და მათგან მიღებული არის ოფიციალური წერილი, სადაც ნათქვამია, რომ კოვიდინფიცირებულებთან მიმართებით დაცული არის ყველა ნორმები და პროტოკოლი, როგორც სამკურნალო, ასევე – უსაფრთხოების თვალსაზრისით.

წერილში აღნიშნულია, რომ, მიუხედავად ამისა, ქართველი პატიმრების ოჯახები გამოთქვამენ უკმაყოფილებას ციხეში მათი ოჯახის წევრების მდგომარეობის გამო. ამის შესახებ გავრცელდა მათი საჯარო მიმართვაც.

საქართველოს გენერალური კონსული საბერძნეთის შესაბამის უწყებებს მიმართავს თხოვნით, რომ მისცენ ქართველი პატიმრების მონახულების ნებართვა და შეუშვან საპატიმროში”, – აღნიშნეს საგარეო უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები