აშშ-ის ყოფილი სპეცწარმომადგენელი: თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების გარანტი ვერ იქნება
ევრაზიაში კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი, ქერი კავანო აცხადებს, რომ თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების გარანტი ვერ იქნება მიუხედავად იმისა, რომ მას რეგიონში ამ როლის შესრულება უნდა.
“თურქეთი განცხადებაში ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ამიტომ, ის ამ მხრივ გარანტი ნამდვილად არ არის. “გარანტი” არასწორი სიტყვა იქნებოდა იმისთვის, რომ თურქეთის მონაწილეობა შევაფასოთ”, – თქვა მან.
კავანოს თქმით, თურქეთი აზერბაიჯანს უჭერდა მხარს და აქეზებდა მას კონფლიქტის გაგრძელებისკენ.
9 ნოემბერს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ასევე, სომხეთის პრემიერმინისტრმა სამმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის შედეგად ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების შეწყდა და რუსეთმა შეხების წერტილში სამშვიდობო კონტინგენტი განათავსა.
თუმცა, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა – ილჰამ ალიევმა განაცხადა, ტერიტორიაზე მონიტორინგს რუსებთან ერთად თურქი სამხედროებიც გაუწევენ, რაზეც კრემლში განაცხადეს, რომ ეს ცალკე განხილვის საგანია. პესკოვის თქმით, საუბარია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ერთგვარი მონიტორინგის ცენტრის შექმნაზე, რომელშიც თურქებიც იქნებიან წარმოდგენილი.