Coca-Cola, Samsung, Microsoft – როგორ იწყებოდა ეპოქა
მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები და კორპორაციები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობენ, ცხადია, ერთ დროს საერთოდ არ არსებობდნენ. მათ გარეშე კი ცხოვრება სხვანაირი იყო. საუბრის სხვა თემაა, უკეთესი იყო მათ გარეშე თუ უარესი, თუმცა, ფაქტია, რომ მათ ჩვენი ცხოვრება შეცვალეს. დღეს გვინდა, მოკლედ რამდენიმე მათგანზე: Coca-Cola-ზე, Samsung-სა და Microsoft-ზე მოგიყვეთ.
თითოეული მათგანის მამოძრავებელი ძალა და წარმატების საიდუმლო იდეა იყო – იდეა, რომლის უკანაც იდგნენ დაუღალავად მშრომელი, ენთუზიაზმით სავსე ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, რომ წარმატების მისაღწევად საიდანღაც უნდა დაგეწყო… და მათ დაიწყეს…
1.Coca-Cola, 1886
ყველასათვის საყვარელი სასმელი Coca-Cola 1886 წელს ფარმაცევტმა, ჯონ სტიტ პემბერტონმა დაამზადა. თავდაპირველად Coca-Cola-ს რეკლამირებას უწევდნენ, როგორც სასმელს, რომელიც თავის ტკივილს ხსნის. შესაბამისად, მისი გაყიდვა მხოლოდ აფთიაქებში იგეგმებოდა. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა „Coca-Cola“, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია. მისი უმთავრესი ინგრედიენტი იყო კოკაინის ფოთლები და მცენარე კოლა. თავიდან Coca-Cola-ს ყოველდღე, საშუალოდ, 9 ადამიანი ყიდულობდა. პირველი წლის ზარალი სულ 20 დოლარი აღმოჩნდა. თანდათან სასმელი პოპულარული გახდა. 1888 წელს პემბერტონმა ბრენდი $2 300-ად მიჰყიდა გრიგს კანდლერს, რომელმაც ატლანტაში 1892 წელს კომპანია Coca-Cola დააარსა.
„გემრიელი! გამაგრილებელი! ამაღელვებელი! გამაცოცხლებელი!“ – ასეთი გახლდათ ბრენდის პირველი სარეკლამო ტექსტი. 1895 წლისთვის Coca-Cola ძალიან პოპულარული გახდა და მისი გაყიდვა აშშ-ის ყველა შტატში დაიწყეს.
2.Samsung, 1938
საინტერესოა, რომ Samsung-ი თავდაპირველად ნედლეულსა და პროდუქტებს ჰყიდდა. 1969 წელს დაარსდა Samsung-Sanyo Electronics, რომელიც შემდეგ Samsung Electronics-ი გახდა. ყველაფერი ასე დაიწყო:
1938 წელს ლი ბენ-ჩოლმა სამხრეთკორეული სავაჭრო კომპანია Samsung Sanghoe დააფუძნა. მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, კომპანიამ თავი ბევრ სფეროში, მათ შორის, საკვების გადამუშავების, ქსოვილების, დაზღვევის, ფასიანი ქაღალდებისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით გამოსცადა. 1960-იან წლებში Samsung-მა ელექტრონიკის ინდუსტრიაში შეაბიჯა და 1970-იანებში ნაგებობებისა და გემების მშენებლობაც დაიწყო.
2017 წელს Samsung Electronics-ი ინფორმაციული ტექნოლოგიების, ელექტრომოწყობილობებისა და ჩიპების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია გახდა.
3.Microsoft, 1975
1975 წელს ალბუკერკის ავტოფარეხში მეგობრებმა: ბილ გეითსმა და პოლ ალენმა, დასაბამი მისცეს Microsoft-ს (Micro-Soft – ნიშნავს მიკროპროცესორებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას), რათა შეექმნათ პროგრამული უზრუნველყოფა Altair 8800-ისთვის და ძველი პერსონალური კომპიუტერებისთვის.
1980-იან წლებში Microsoft-ი გახდა ლიდერი პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ოპერაციული სისტემების ბაზარზე ცნობილი პროდუქტით – Microsoft Windows.
2000 წელს ბილ გეითსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე სტივ ბალმერმა ჩაანაცვლა. 2014 წელს კი, ის სატია ნადელამ შეცვალა, რომელიც დღემდე აგრძელებს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის მართვას.
Microsoft-ის ცნობილი შენაძენებიდან ყველაზე ძვირადღირებული Skype (2008 წელს შეიძინა 8.5 მილიარდ დოლარად) და LinkedIn (2016 წელს შეიძინა 26.2 მილიარდ დოლარად) გახლავთ.