ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ყველა იმ სხვა პროფილის ექიმების დამატებითი მობილიზება, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ყველა იმ სხვა პროფილის ექიმების დამატებითი მობილიზება, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა. ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოძიებულია მათი საკონტაქტო ინფორმაცია და რესურსი აქტიურად არის გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა. მათი მხრიდან გვაქვს გამოხმაურება ჩვენი სპეციალური ბაზებით, რომელიც რეგულირების სააგენტოში არის. მოვიძიეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია, მათი მხრიდანაც არის მზაობა და მათი რესურსი აქტიურად არის გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს კიდევ დამატებითი მობილიზება ყველა იმ სხვა პროფილის ექიმებისა, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა.
სწორედ აქედან გამომდინარე, მინდა, ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს ჩართულია პოლიტიკურ პროცესში, ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელიც დღეს ებრძვის მთელი მსოფლიო. სოციალური დისტანცირება რჩება ყველაზე ეფექტურ იარაღად ვირუსთან ბრძოლაში. შესაბამისად, ყველა ამ მოწოდების დარღვევა არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი გმირი ექიმებისთვის, რომლებიც დღემდე იბრძვიან და დარწმუნებული ვარ, ბოლო მომენტამდე, ბოლო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ისინი იბრძოლებენ და ნუ გამოვიყენებთ მათ გმირობას და კეთილგანწყობას, ერის მიმართ სიყვარულს ბოროტად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.