სერგო გოგლიძე – „ბერიას ბანდის“ წევრი, რომელმაც ტიციან ტაბიძეს დახვრეტის განაჩენი გამოუტანა

ფოტოს მარჯვენა ნაწილზე გამოსახულია სერგო გოგლიძის ხელმოწერა (ქვედა კუთხეში, წითელი კალმით) ტიციან ტაბიძის სხდომის ოქმზე, რომელზეც პოეტს დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს. 15 დეკემბერი, 1937 წელი.

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათ წარსულსა და მომავალსაც გადაავლებთ თვალს. ერთ-ერთი ასეთი საბჭოთა მაღალჩინოსანი ე.წ. „ბერიას ბანდის“ წევრი სერგო გოგლიძეა, რომელიც ბერიასთან ერთად დახვრიტეს.


სერგო არსენის ძე გოგლიძე (12 აგვისტო, 1901, სოფ. ქორთა, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი — 23 დეკემბერი, 1953, მოსკოვი)

1904 წლიდან ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა შუა აზიაში. სერგო გოგლიძე სწავლობდა ყოყანდის და ტაშკენტის კომერციულ სასწავლებლებში. 1917 წელს გაიწვიეს მეფის რუსეთის ჯარში, 1 წელში გაწევრიანდა წითელი არმიის რიგებში.

1923 წელს კავკასიის სასაზღვრო ძალებში სამსახურისას გაიცნო ლავრენტი ბერია.

1928-29 წლებში სწავლობდა წითელი არმიის სამხედრო აკადემიის უმაღლესი სამეთაურო შემადგენლობის დახელოვნების კურსებზე. 1930 წლის 1-ელი ივნისიდან დაინიშნა გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ОГПУ) ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლობაში, ჯარების და სასაზღვრო დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, შემდგომ – ამავე სამმართველოს უფროსად.

1934 წლის 13 ივლისიდან დაინიშნა შინსახკომის (НКВД) საქართველოს სსრ სამმართველოს უფროსად, ხოლო იმავე წლის 11 ნოემბრიდან – 1937 წლის 1 იანვრამდე იყო ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი. 1937 წლის 1 იანვრიდან – 1938 წლის 21 ნოემბრამდე სერგო გოგლიძე იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი.

სწორედ ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს, გოგლიძე თავმჯდომარეობდა საქართველოს სსრ შინსახკომის განსაკუთრებულ სამეულს და მონაწილეობდა “სტალინური სიებით” გასამართლებული 2067 ადამიანის სხდომაში, რომელთა უმრავლესობას მან და სამეულის სხვა წევრებმა დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს.

1938 წლის 14 ნოემბრიდან – 1941 წლის 26 თებერვლამდე იყო შინსახკომის ლენინგრადის სამმართველოს უფროსი. 1941 წლის აპრილიდან – 31 ივლისამდე სსრკ სახალხო კომისართა საბჭოს რწმუნებული მოლდავეთის სსრ-ში.

მოლდავეთში ყოფნისას, სერგო გოგლიძე ხელმძღვანელობდა ახლდამიერთებული ბესარაბიიდან „ანტისაბჭოთა ელემენტების“ გადასახლებას. 12-13 ივნისს, ერთ ღამეში, ბესარაბიიდან ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს 33 ათასი ადამიანი.

1941 წლის ივლისში დაინიშნა ხაბაროვსკის ოლქის შინსახკომის ხელმძღვანელად, ხოლო 1943 წელს სსრკ შინსახკომის შორეული აღმოსავლეთის წარმომადგენლად. ხაბაროვსკში ის ყველაზე მდიდრულად მოწყობილ სახლში დასახლდა, მასვე ემსახურებოდა ელიტარული კლასის ავტომობილი – ЗИС-110. ხშირად ესწრებოდა ადგილობრივი „დინამოს“ მატჩებს.

1945 წლის 9 ივლისს მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება. იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს I-III მოწვევის დეპუტატი.

1951 წლის 3 იანვარს გოგლიძე გადაიყვანეს მოსკოვში და დანიშნეს სახელმწიფო უშიშროების რკინიგზის და საწყლოსნო ტრანსპორტის განყოფილების უფროსად. 1951 წლის აგვისტოს უშიშროების მინისტრი აბაკუმოვი შეცვალეს პარტიული კადრით, იგნატიევით, ხოლო მის მოადგილედ დანიშნეს გოგლიძე, რომელიც, პრაქტიკულად, ასრულებდა უშიშროების მინისტრის მოვალეობას.

სტალინის გარდაცვალებიდან მცირე ხანში, 1953 წლის 26 ივნისს, ხრუშჩოვის განკარგულებით, დაიწყო საქმე ბერიასა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. სერგო გოგლიძე 1953 წლის 27 ივნისს, ბერლინში მივლინებაში ყოფნისას დააკავეს და მოსკოვში სპეცრეისით ჩაიყვანეს. იგი პროკურატურამ შეიყვანა ე.წ. „ბერიას ბანდაში“ (გაზეთებში სწორედ ამგვარად მოიხსენიებდნენ დაკავებულ ბერიას და მის უახლოეს წრეს). სერგო გოგლიძეს ჩამოერთვა სამხედრო წოდება და სახელმწიფოსგან მიღებული ყველა ჯილდო.

სერგო გოგლიძე, ბერია, ქობულოვი, მერკულოვი, მეშიკი, დეკანოზოვი და ვლოდზიმირსკი ერთ დღეს, 23 დეკემბერს დახვრიტეს. მათი ფერფლი დამარხეს დონის სასაფლაოზე.

ოჯახი: მამა – არსენ გოგლიძე (1878-1942), დედა – ოლგა კალმახელიძე (1882-1948). ჰყავდა ძმები, ჭადრაკის დიდოსტატი ვიქტორი (1905-1964) და ვლადიმერი (1908-1942), რომელიც ომში დაიღუპა. ვიქტორი 1936-1953 წლებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. 1954 წლიდან გახსნა საჭადრაკო სკოლა და აღზარდა არაერთი დიდოსტატი.

სერგო გოგლიძე დაქორწინებული იყო ორჯერ. პირველი ოჯახი მიატოვა 1934 წელს და ნათესავების გადმოცემის თანახმად, მას შემდეგ მათთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია და ისინი არც ერთხელ არ უნახავს. ამის მიუხედავად, 1954 წელს სერგო გოგლიძის შვილი, ვლადიმერი დააკავეს და ყაზახეთში გადაასახლეს. სერგო გოგლიძის ძმიშვილის ცნობით, ვლადიმერი 1972 წელს ბათუმში გარდაიცვალა.

მეორე ოჯახი გოგლიძეს ჰყავდა ხაბაროვსკში, რომელიც მიატოვა და მოსკოვში გადასვლისას თან აღარ წაიყვანა. გადმოცემის თანახმად, სერგო გოგლიძის ყოფილი მეუღლე, ევლალია ფიოდოროვნა და ქალიშვილი 1984 წელს, სახლის ძარცვისას მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები