ბააზოვების ქართულ-ებრაული ოჯახი – ისტორია საბჭოთა სისტემის მორიგ მსხვერპლზე

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს. საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი ბააზოვების ოჯახია.


1938 წლის 25 აპრილს, დააკავეს 33 წლის ქართველ-ებრაელი მწერალი და დრამატურგი, გერცელ ბააზოვი.

გერცელის და, ფაინა ბააზოვა, რომელიც იმ პერიოდში რუსეთში ცხოვრობდა, თბილისში ჩამოვიდა საქმის გასარკვევად და ოჯახის წევრების მონათხრობიდან გაიგო, რომ გერცელის დაკავებას ქალაქში ყველა აქტიურად განიხილავდა. მაგალითად, როდესაც საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, კანდიდ ჩარკვიანს (რომელმაც მალე ბერია ჩაანაცვლა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე) შეატყობინეს, რომ გერცელი დააკავეს, მან უპასუხა რომ ეს იყო პროვოკაციული ჭორები და ის არ აზრადაც არ დაუშვებდა ამას.

1938 წლის 10 ოქტომბერს, ჩატარდა შინსახკომის განსაკუთრებული სამეულის სხდომა, სერგო გოგლიძის, ილარიონ ტალახაძის და კანდიდ ჩარკვიანის მონაწილეობით. გერცელ ბააზოვს ბრალად დასდეს, რომ იყო სიონისტური კ/რ ორგანიზაციის წევრი. სიონისტური კ/რ ორგანიზაციის ხელმძღვანელ-მონაწილის პირდაპირი დავალებით ატარებდა ა/ს ნაციონალისტურ აგიტაციას ებრაელი მოსახლეობის ფართო მასებს შორის ებრაელების პალესტინაში გადასახლებისთვის. იყო ინგლისის დაზვერვის აგენტი.

გერცელ ბააზოვი დახვრიტეს 1938 წლის 11 ოქტომბერს, მისი დახვრეტის ოქმზე, სხვებთან ერთად, კანდიდ ჩარკვიანის ხელმოწერაცაა…

ეს ოჯახის ერთადერთი წევრის რეპრესია არ ყოფილა: გერცელის მამა, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, საქართველოში სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბააზოვიც დაკავებული იყო. დააკავეს გერცელის ძმაც, ხაიმიც, რომელსაც ედავებოდნენ სიონისტურ ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ხაიმის შემთხვევაში საქმის აბსურდულობას ადასტურებდა ისიც, რომ იმ წელს, რომელიც ბრალდებაში იყო დაფიქსირებული, ის მხოლოდ 12 წლის იყო. სასამართლოსთვის ეს დაბრკოლება არ ყოფილა და ხაიმს მოტივით, რომ „მას აუცილებლობად ეცოდინებოდა ოჯახის წევრების საქმიანობა“ და „არ შეატყობინა შესაბამის ორგანოებს“, 5 წლით გადასახლება მიუსაჯეს. დავიდ ბააზოვიც გადაასახლეს, საიდანაც ის 1945 წელს, ჯანმრთელობაშერყეული დაბრუნდა და მხოლოდ 2 წელი იცოცხლა.

დავით ბააზოვის უფროსი ქალიშვილი, ფაინა ბააზოვა იურისტი იყო და ძმების მსგავსად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის შესანიშნავი იურიდიული სკოლა ჰქონდა გავლილი. საქართველოში და მოსკოვში იგი იყო არაერთი გახმაურებული პოლიტიკური პროცესის ადვოკატი იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირში ანტისემიტიზმი, როგორც რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი მძვინვარებდა.

ფაინა ბააზოვას მიერ იერუსალიმში რუსულ ენაზე 1980 წელს გამოცემული მოგონებების წიგნი – „Прокаженные“ („კეთროვნები“) ასახავს არამარტო ფაინას და მისი ოჯახის ბრძოლას რეპრესირებული წევრების გამოსახსნელად და დასახმარებლად, არამედ წარმოგვიდგენს ეპოქის ზუსტ, დეტალურ ისტორიულ ანალიზს და 20-30-იანი წლების საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი შეუცვლელი მემუარული წყაროა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები