ამირან გამყრელიძე: მეორე ტალღაში შევედით, ამიტომ, პირდაპირ გეუბნებით, შემთხვევების ზრდა იქნება
“სექტემბრის 15 რიცხვიდან, უფრო ადრეც ე.წ მეორე ტალღაში შევედით, ამიტომ, პირდაპირ გეუბნებით, შემთხვევების ზრდა იქნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთელ მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან უარესდება.
„ეპიდსიტუაცია საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში უარესდება. ვითარება რთულდება და ეს პროგნოზირებადი იყო. ნამდვილი, ეგრეთ წოდებული მეორე ტალღაა მსოფლიოში, მათ შორის, ევროპაშიც. ჩვენ ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების საკმაოდ ინტენსიური ზრდა გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ინფიცირების რაოდენობის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე საკმაოდ დაბალ ნიშნულს აჩვენებს.
მოგეხსენებათ, სექტემბრის 15 რიცხვიდან, უფრო ადრეც, ეგრეთ წოდებულ, მეორე ტალღაში შევედით, ამიტომ, პირდაპირ გეუბნებით, შემთხვევების ზრდა იქნება. ინფიცირების მაჩვენებლის კლება უახლოეს ორი-სამი კვირის განმავლობაში ვერ მოხდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.