თამარ გაბუნია: დღეს ანტირეკორდი გვაქვს ეპიდემიურ სურათში, მეტად საყურადღებოა შემთხვევების მატება თბილისში
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თბილისში კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა.
მისი თქმით, თბილისსა და იმერეთში დაწესებული შეზღუდვები ეპიდემიურ მაჩვენებლებს პირდაპირ უკავშირდება.
„დღეს ანტირეკორდი გვაქვს ეპიდემიურ სურათში, ლოგიკური მაჩვენებელია იმასთან, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა. აჭარაშიც არის მატება წინა დღეებთან შედარებით. ამგვარი მერყეობა მოსალოდნელია, თუმცა, მეტად საყურადღებოა თბილისში შემთხვევების მატება. ამას ემსახურება მობილური ჯგუფების ვიზიტი და მოგეხსენებათ, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს მარინა ეზუგბაიას ხელმძღვანლობით მობილური ჯგუფები, ისინი ასევე ეწვივნენ „მედალფას“ კლინიკას, სადაც მოხდა მიმდინარე ისტორიების შეფასება, გაწერის კრიტერიუმების განხილვა, რეზიუმეების შერჩევა, ეს პროცესი გაგრძელდება სულ მცირე კიდევ ერთი კვირის განმავლობაში.
როცა იცვლება ეპიდემიოლოგიური სურათი და საწოლფონდის დატვირთვა იზრდება, საჭირო ხდება დამხმარე ზომების გამოყენება. პირველ ყოვლისა, რაზეც შეიძლება, უარი ვთქვათ, ეს არის გართობა და ის ღონისძიებები, რომლებიც გარკვეულწილად შეიზღუდა თბილისსა და ქუთაისში შემთხვევების მატების გამო.
რაც შეეხება აჭარას, უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, რამდენად გვექნება საშუალება, რომ შეზღუდვები შემსუბუქდეს. იმედი გვაქვს, რომ აჭარის სტაბილიზაციის სურათი კვლავ დაბრუნდება, 200-ს ქვემოთ ჩამოვა და შენარჩუნდება. შემდეგ შეიძლება, ვიფიქროთ დაღმასვლაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრევენციული და იმ ზომების გატარება, რაც ვიცით, რომ უნდა გაკეთდეს. ტესტირება გახდა მეტად ფოკუსირებული და მიმართული რისკ ჯგუფებზე. ჩვენ უკვე მიზანმიმართულად ვიკვლევთ იმ ჯგუფებს, სადაც ყველაზე მაღალია ინფიცირების ალბათობა. ალბათობა იმისა, რომ სადღაც ინფიცირების შემთხვევებია და ეს შემთხვევები გამოუვლენელი რჩება, პრაქტიკულად, არ არსებობს“, – განაცხადა გაბუნიამ.