მღვდელმსახური, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ბავშვების მონათვლის გამო დახვრიტა

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს. საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი არქიმანდრიტი პიმენი იყო – მღვდელმსახური, რომელმაც 120 ბავშვი მონათლა


პავლე სამუელის ძე დაშნიანი (არქიმანდრიტი პიმენი) დაიბადა 1872 წელს, დღევანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში.

1936 წლის 25 მარტიდან 18 აპრილამდე, 23 დღეში არქიმანდრიტმა 120 ბავშვი მონათლა, ამის გამო, მის წინააღმდეგ ცაგერის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა საქმე აღძრა, თუმცა, არქიმანდრიტი პიმენი არ დაუპატიმრებიათ, მხოლოდ ხელწერილი ჩამოართვეს. საბჭოთა კანონმდებლობით, მღვდელმსახურება აკრძალული არ იყო, ამის დასტურად პავლე დაშნიანს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ სიმეონისაგან საგანგებო დოკუმენტი – მანდატი ჰქონდა მინიჭებული.

ადგილობრივმა ორგანომ დაადგინა, საქმე განსახილველად შინსახკომის განსაკუთრებული სამეულისთვის გადაეცა.

პიმენ (პავლე) დაშნიანის საქმე სამეულმა 1937 წლის 27 ნოემბერს განიხილა და ბრალად წაუყენა, რომ:

იყო ანტისაბჭოთად განწყობილი, ეწეოდა მოსახლეობის პროვოცირებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ავრცელებდა ხმებს საბჭოთა წყობილების დამხობის თაობაზე, ეწეოდა კონტრრევოლუციური რელიგიური ჩვეულებების პროპაგანდას, 1936 წელს ჩაატარა მასობრივი ნათლობები, მოუწოდებდა კოლმეურნეობის, როგორც არარენტაბელური მეურნეობების ლიკვიდაციისაკენ.

სამეულმა პიმენ დაშნიანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა.

1938 წლის 4 მარტს არქიმანდრიტი პიმენი დახვრიტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები