“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახლად აღმოჩენილი რუკების ფაქტობრივი მასალა, ეროვნული ინტერესების ეფექტურად დაცვისთვის გამოვიყენოთ”
“თითოეული მოქალაქის ინტერესშია, რომ დავით გარეჯი სამონასტრო კომპლექსით იყოს დაცული თავის სამართლიან საზღვრებში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დავით გარეჯის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
„ჩვენი დამოკიდებულება დავით გარეჯთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიო, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი და სწორედ ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ახლად აღმოჩენილი რუკების ფაქტობრივი მასალა, რომელიც საქართველოს უკეთეს და სამართლიან პირობებში აყენებს, გამოვიყენოთ შემდგომო მოლაპარაკების პროცესში აზერბაიჯანთან და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და კულტურული მემკვიდრეობის უფრო ეფექტურად დაცვა.
ამას პოლიტიკურ განზომილებაში არ ვხედავთ, ვინაიდან ეს არის ყოველგვარი პოლიტიკის მიღმა, ეს აერთიანებს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ შეაფასოს, რას ემსახურება ოპოზიციის ასეთი ორკესტრირებული რეაქციები, რატომ იმართლებენ ისინი თავს იმ საკითხზე, რაც არ არის პოლიტიკურ დღის წესრიგის მქონე. ჩვენი თითოეული მოქალაქის ინტერესშია, რომ დავით გარეჯი თავისი სამონასტრო მთლიანი კომპლექსით იყოს დაცული თავის სამართლიან საზღვრებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.