,,ქართულმა მხარემ აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს თანხა, რომელიც გარეჯის გასხვისების გამო მიიღო და ამის შემდეგ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან”

საქართველო-აზერბაიჯანის პირობით საზღვარზე, დავით გარეჯის კომპლექსთან ახლოს პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც 1922-1936 წლებში შექმნილ ამიერკავკასიის ფედერაციას სათავეში სერგო ორჯონიკიძე ჩაუდგა. მებრძოლი ათეისტი და თავგამოდებული კომუნისტი საბჭოთა იმპერიისთვის ერთგულების დამტკიცებას, პირველ ყოვლისა, საკუთარი ერის ტერიტორიების გასხვისებითა და ქართული ეკლესიის გულმოდგინე ნგრევით ცდილობდა.
1928 წელს ჯერ ყარაიას ველი გადასცა აზერბაიჯანულ მხარეს გასაკონტროლებლად, რომელიც მწყემსების სადგომ და ცხვრების გადასარეკ ველად გამოაცხადა, შემდეგ, ქართული გულარხეინობით, ,,დიდსულოვნად” გაასხვისა საინგილო და აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარეს, ნარიმან ნარიმანოვს უფეშქაშა. მალე ჯავახეთის თემითაც დაინტერესდა და ის იყო, ამ მიწების გადაცემას ,,სომეხი ძმებისთვის” აპირებდა, რომ საქმეში ბერია ჩაერია და ჯავახეთის თემის დახურვა მოასწრო. მალე ორჯონიკიძე და რევოლუციის პირველი ტალღის თაობა, სტალინის ბრძანებით, დისტანცირდნენ ტერიტორიული ერთეულების საკითხის გადაწყვეტისგან, თუმცა, 1938 წელს კვლავ სტალინის ბრძანებით შედგენილი კარტოგრაფიული რუკის დედანი გაურკვეველი ვითარებაში სადღაც ,,გაქრა”. 1938 წელს შედგენილ უკანასკნელ კარტოგრაფიულ რუკაზე კარგად ჩანს, რომ ჩიჩხიტურისა და ბერთუბნი მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაა, მისგან ორიოდ კილომეტრში კი გავლებულია საქართველო-სომხეთის იმ დროისათვის პირობითი სასაზღვრო ხაზი, რადგან საბჭოთა კავშირში შემავალ ყველა ქვეყანას საერთო ტერიტორია, ინტერესები და პოლიტიკა უნდა ჰქონოდა.

ჩიჩხიტურისა და უდაბნოს ტერიტორიების საქართველოს კუთვნილებად აღიარების პრობლემა არც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, 90-იან წლებში დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. მდგომრეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2006 წლის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით ჯერ საქართველოს კულტურის მინიტრმა – ნიკა რურუამ, რამდენიმე დღეში კი  საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადეს, რომ, მიუხედავად ქართველი ერის დიდი მწუხარებისა, დავით გარეჯის ტერიტორია აზერბიჯანის სახელმწიფოს კუთვნილებაა და ამ ფაქტს ისევე აღარაფერი ეშველება, როგორც – ტაო კლარჯეთის ისტორიულად ქართულ მიწებს, რომლებიც ახლა თურქეთის სახელმწიფო ტერიტორიას წარმოადგენს.

,,დავით გარეჯი საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული არ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებში. ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო, საზღვარი დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი დღემდე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის წარმატებით მიმდინარეობს და სწრაფად გაირკვევა ყველაფერი, თუმცა, დავით გარეჯის საკითხი სადავო თემას არ წარმოადგენს”, – განაცხადა მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, ხოლო კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ დასძინა: ,,მიუხედავად იმისა, რომ დავით გარეჯი ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობდა, ისტორიული დაუდევრობისა და ბედუკუღმართობის წყალობით, დავით გარეჯიც და ტაო კლარჯეთიც ახლა სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ასეთი რაღაცები ხდება ყველა ქვეყანაში.”…

მოგვიანებით, უკვე 2007 წელს აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახური მკაცრ კონტროლოს აწესებს ბერთუბნის, უდაბნოსა და ჩიჩხიტური ტერიტორიაზე და ეტაპობრივად უკრძალავს მომლოცველ ქართველებს მონასტრების მონახულებას. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, დიპლომატები და მინისტრები საქართველოს ხელისუფლების სატალევიზიო განცხადებების ეყრდნობიან, რომელსაც, ამ შემთხვევაში, კანონის ძალა აქვს და საკუთარ ტერიტორიაზე, რომელიც ,,სადავოდ ქართულ მხარეს არ უქცევია”, საგანგებო რეჟიმს ამყარებენ.

საგანგაშო განცხადებას აკეთებს საპატრიარქო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ოფიციალურად თუ არაოფიციალურად შეახსენებს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლება გარეჯის პრობლემას. ,,კვირა” საქართველოს საპატრიარქოს მდივანს, მამა მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა:

– პატრიარქი მუდმივად ჩართული იყო დავით გარეჯის ტერიტორიული პრობლემის გადაჭრის საკითხებში. მან არაერთხელ დასვა ეს საკითხი არა მხოლოდ აზერბაიჯანული უმაღლესი იერარქიის მქონე სასულიერო პირებთან, არამედ – თვით  აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან პირადი შეხვედრისასაც. ხელისუფლება პატრიარქს ყოველთვის ჰპირდებოდა, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი და ის აუცილებლად დამთავრდებოდა შეთანხმებით, რომელიც დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსის სანაცვლოდ მეზობელი ქვეყნისთვის სხვა ტერიტორიების შეთავაზებით დასრულდებოდა. შემდეგ, 2007 წელს ტელეეკრანებიდან შევიტყვეთ, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება დავით გარეჯის ტერიტორიის აზერბაიჯანულ კუთვნილებას, თურმე, ეჭვქვეშაც კი არ აყენებდა და აცხადებდა, რომ ეს უძველესი და ისტორიული მონასტრები, ძალზე სამწუხაროდ, ახლა აზერბაიჯანის კუთვნილებაა და ქართული მხარე ვერაფერს შეცვლის. მიუხედავად ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულებისა, საპატრიარქო მუდმივად აგრძელებდა გარეჯის თემასთან დაკავშირებულ კვლევას და, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, სადამდეც კი ხელი მიგვიწვდებოდა, უკვე ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებას ვაყენებდით საქმის კურსში და მათგან ვითხოვდით რეაგირებას. დარწმუნებულნი ვართ, ღვთის მადლით, დღეს დაწყებული გამოძიება ბოლომდე მივა, დამნაშავეები დაისჯებიან და გარეჯის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ აღარასოდეს დადგება.”

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ქართულ მხარეს დღეს ნამდვილად აქვს სერიოზული დოკუმენტები იმისთვის, რომ განაახლოს მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის კოორდინატების დადგენაზე გარეჯის ისტორიული კომპლექსი ტერიტორიის სიახლოვეს, რომელსაც რიგი აზერბაიჯანელი პოლიტიკოები და ისტორიკოსები ალბანური კულტურის ძეგლად მიიჩნევენ და ისტორიულად დადასტურებული ფაქტი სახით აცნობენ მსოფლიოს.
გუშინ სპეციალური განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მრჩეველმა – ჰიქმედ გაჯიევმა: ,,პროკურატურის გამოძიება საქართველოს საშინაო საქმეს წარმოადგენს და არ მაქვს უფლება, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო. საქართველო და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები არიან, ორ მეგობარ ქვეყანას შორის მუდმივად მიმდინარეობს კონსულტაციები და ღია დიალოგი. ყველა მექანიზმი არსებობს საკითხის ხელახლა განსახილველად. მთავარი ამ პროცესში ისაა, რომ ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის არის ნდობა და პატივისცემა, რაც საფუძვლად დაედება შემდგომ მოლაპარაკებებს.”

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილის საფუძველზე დაიწყო საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობის შესწავლა. მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგადაც ამ დროისთვის დაკავებულები არიან საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელ ქვეყნებთან სასაზღვრო ურთიერთობის დეპარტამენტის სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინპექტორი – ილიჩევა.

ივერი მელაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით დიდი ხანია, სერიოზული კითხვები ჰქონდათ როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ისე – დავით გარეჯში მოღვაწე არქიმანდრიტი კირიონს (ონიანი), რომელიც მელაშვილთან მრავალწლიან ურთიერთობაზე წერს და აღნიშნავს, რომ ყოველთვის ჰქონდა ეჭვი ისტორიული რუკის არსებობისა, რომელიც მელაშვილი და იმდროინდელი ხელისუფლება საგანგებოდ მალავდა.

1938 წლის დღეს აღმოჩენილ რუკას კი 2006 წლის შემდეგ ეძებს ქართველ მეცნიერთა და საეკლესიო პირთა ერთი ჯგუფი:

“მადლობა ღმერთს, რომ ეს მოჯადოებული წრე გაირღვა! იქნებ, ამ გზით ამ რაღაც მოჯადოებული წრიდან გავიდეთ ერი! შეიძლება, ითქვას, რომ ეს არის ჩვენი პირველი ეროვნული გამარჯვება!
თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მსგავს სიტუაციაში ასეთი რამ აზერბაიჯანელ ან სომეხ ჩინოვნიკს გაეკეთებინა, რა დაემართებოდა მას თავის ქვეყანაში! ჩვენთან პასუხიც არავინ მოსთხოვა, ისე გავატარეთ, ვითომ, არც ყოფილა! უბრალო კომენტარად ჩავუთვალეთ.
ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ ქვეყნის ეს ღალატი ივერი მელაშვილის დონეზე დაიგეგმა, მაგრამ ამ პიროვნებას თავისი წილი დანაშაული აქვს მოსანანიებელი. ბევრჯერ ვესაუბრე მას და ვაფრთხილებდი – რას აკეთებ, თავს იღუპავ-მეთქი! მაგრამ ეს კაცი ამაზე არნახული ირონიით რეაგირებდა! ახლა რომ გამოდის და წყლიანი თვალებით საუბრობს… მაშინ მეუბნებოდა: თქვენ, მამაო, დილეტანტი ხართ, თქვენ ამაში ვერ ერკვევითო. ამ დროს უკვე შეგროვილი მქონდა ყველა საბუთი, რუკები, დოკუმენტები, მაგრამ არ უნდოდა ამ კაცს ამის დანახვა.
მარტო მე კი არ მეუბნებოდა – დილეტანტი ხარო, იმავეს ეუბნებოდა ნოდარ ხობალაძეს, რომელიც არის შეიარაღებული ძალების კარტოგრაფიული დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი, გეოდეზისტი, პროფესორი, მეცნიერი. როდესაც ასეთი პიროვნება ეუბნებოდა მელაშვილს, რომ აქ შეცდომებია დაშვებულიო, მას ამაზე ჰქონდა მხოლოდ ერთი პასუხი: თქვენ დილეტანტი ხართო.
ამ დროს ივერი მელაშვილი კარტოგრაფიც არ არის! ჰოი, საოცრებავ! ის გახლავთ მიწათმომწყობი. ესაა ყველაზე დაბალი, პირველი საფეხური კარტოგრაფიაში! თუ გინახავთ, სოფლად მიწას რომ ზომავენ ერთმეტრიანი ფარგლით, აი, ამ ხელობის კაცია. ამას სავსებით სერიოზულად ვამბობ. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ბაგა-ბაღის აღსაზრდელი ეუბნებოდა აკადემიკოსს, გეოდეზისტს, მეცნიერს: „შენ დილეტანტი ხარო!“ უტიფრობის მწვერვალი იყო ეს ყველაფერი. ამას გაძლება და ნერვები უნდოდა
კაცი დღემდე არ ნანობს, დღემდე უტიფარია, დღემდე შოუებს დგამდა, სანამ დაიჭერდნენ, ჩამოვიდა გარეჯში და იქ ითვალთმაქცა. აგათა კრისტის აქვს თავის ნაწარმოებში, – შეუძლებელია, დამნაშავე თავის დანაშაულის ადგილზე არ მივიდესო. აი, ჩამოვიდა გარეჯში და კომენტარებს აძლევდა ჟურნალისტებს: მე ამას როგორ შევეხებოდიო!
ამ დროს ამ კაცს წლების განმავლობაში ვეუბნებოდი, დანაშაულს ჩადიხარ-მეთქი და პასუხად მხოლოდ დამცინოდა: „დილეტანტი ხარ, უცოდინარი ხარ, ეგ საბუთები მე არ მაინტერესებსო!“ ადამიანი ვერ ნანობს! რომ შეინანოს, ადამიანობას დაიბრუნებს.
შეიძლება, შეეშალა, ვერ გაუძლო, ზეწოლა ჰქონდა, მაშინ თქვი: ბოდიშს ვიხდი, ჩემო ხალხო და კაცობას დაიბრუნებ. დანაშაულზე შეიძლება, პასუხი აგო, მაგრამ ადამიანი დარჩები.
დღეს თუ თავის გადარჩენა გინდა, უნდა გაემიჯნო ამ პროცესს, უნდა გაქრე! და ესენი კი არ ქრებიან, შოუებს დგამენ, ეწევიან პროპაგანდას იმისა, რომ ეს თურმე ასე არ არის, თითქოს, ჩვენ რაღაცას ვიგონებთ.
ამდენ წელს მე გიჟი ვიყავი, რომ ვყვიროდი, ხალხო, გვიშველეთ, მოგვხედეთ, ქართველებო, გარეჯს ხელიდან გვაცლიან-მეთქი?!“

საინტერესოა მიხეილ სააკაშვილისა და ,,ნაციონალური მოძრაობის” იმდროინდელი უმაღლესი სახელისუფლო პირების განცხადებები, რომელიც გარეჯის პრობლემის წამოწევას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს ჰქონდა გარეჯში ჩასავლის, მოლოცვისა და მღვდლად აღკვეცი უფლება, რომ ის მზადაა, დავით გარეჯის საკითხზე ჩვეულებრივ შუამავლად, მონაწილედ იყოს ჩართული და გადავწყვიტოს ეს საკითხი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი. ,,ესენი არაფრის გადამწყვეტნი არიან. აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკებები, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები, რადგან, საბოლოოდ, ეს არის ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც არ უნდა დაზარალდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას.

ამავე მიმართვისას სააკაშვილმა საზოგადოებას აცნობა მოარული ხმების შესახებ, რომლის თანახმადაც თითქოს ვიღაცამ 70-80 მილიონი დოლარი აიღო გარეჯის მიწების სომხეთისთვის გადაცემაში და რომ ეს ხმები სიმართლეს არ შეესაბამება.

გარეჯის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს სამოქალაქო აქტივისტსა და პუბლიცისტ ირაკლი კაკაბაძეს, რომელმაც ,,კვირას” განუცხადა:

,,გარეჯის საკითხი პოლიტიკური არ არის და სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ პრობლემის დეპოლიტიზება. ყოველთვის იქნება ვიღაც, ვისაც დაიჭერენ, მერე ვიღაცებს გამოუშვებენ და ახლა ახლებს დაიჭერენ. ფაქტი კი ის არის, რომ საქართველოს ტერიტორიის 3500 ჰექტარი მიწა კორუფციულად გადაეცა აზერბაიჯანულ მხარეს. კარტოგრაფები ამტკიცებენ, რომ 3500 ჰექტარი ფართობი არის გასხვისებული არა მხოლოდ გარეჯის მონასტრი სიახლოვეს, არამედ – მთელი საზღვრის გაყოლებით. თუ დამტკიცდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასა და პირადად  მას და მის ხელისუფლებას ამ საქმეში აქვს აღებული 70-80 მილიონი დოლარი, ეს თანხა უნდა დავუბრუნოთ აზერბაიჯანულ მხარეს და ამის შემდეგ განვაახლოთ მოლაპარაკებები გარეჯის კომპლექსთან დაკავირებით. იმედია, გამოძიება თავის სიტყვას იტყვის და ყველაფერი კარგად დამთავრდება.”

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, მოქლაქეთა მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან ინფორმაციას საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები