ძმები ქობულოვები – განსაკუთრებულად სასტიკი ჩეკისტები „ბერიას ბანდიდან“

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათ წარსულსა და მომავალსაც გადაავლებთ თვალს. ერთ-ერთი ასეთი საბჭოთა მაღალჩინოსნები ძმები: ბოგდან (1904-1953) და ამაიაკ (1906-1955) ზაქარიას-ძე ქობულოვები არიან – დიდი ტერორის მონაწილე ჩეკისტები, რომლებიც დაკავებულების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.


1937-1938 წლების ტერორის გარდა, ბოგდან ქობულოვი მონაწილეობდა ჩეჩნების, ინგუშების, ყირიმელი თათრების, ქურთებისა და ხემშილი სომხების შუა აზიაში გადასახლებაში. 1940 წლის 5 მარტს ბოგდან ქობულოვი შევიდა პოლიტბიუროს მიერ დამტკიცებილ იმ სამეულში, რომელსაც დაევალა კატინში პოლონელი ოფიცრებისა და სამოქალაქო პირების განადგურება.

„უზარმაზარი კომპლექციის ბოგდან ქობულოვი მსხვერპლს, ძირითადად, მუშტებით სცემდა… მათ ზემოდან ახტებოდა და, უზარმაზარი წონის წყალობით, წელში ამტვრევდა. მისი საყვარელი წამების იარაღი იყო ხელკეტი.“

„ამაიაკი არ გამოირჩეოდა დიდი ტანითა და ფიზიკური ძალით, ამიტომ, წინასწარ მიწაზე დაწვენილ, გაკოჭილ პატიმრებს ხელკეტით ურტყამდა ხოლმე.“

ძმები დაიბადნენ თბილისში, მკერავისა და წვრილი ვაჭრის, ზაქარია ოგანესის-ძე ქობულოვის ოჯახში. უფროსმა 1922 წელს დაასრულა გიმნაზია, უმცროსმა – სავაჭრო სკოლის 5 კლასი 1926 წელს.

ბოგდანი, რომელმაც წითელ არმიაში 1 წელს იმსახურა, 1922 წელს საქართველოს ჩეკას (საგანგებო კომისია) რიგებში გაერთიანდა, სადაც გაიცნო ლავრენტი ბერია. 1937-1938 წლებში ბოგდან ქობულოვი იყო საქართველოს სსრ შინსახკომის განსაკუთრებული სამეულის წევრი და მხოლოდ მისი თავმჯდომარეობის დროს სამეულმა 1233 ადამიანს გამოუტანა დახვრეტის განაჩენი. 1938 წელს, ბერიას ბრძანებით, გადავიდა მოსკოვში, სადაც მიიღო უშიშროების უფროსი მაიორის წოდება და სათავეში ჩაუდგა ჯერ უშიშროების საიდუმლო-პოლიტიკურ განყოფილებას, 3 თვეში კი НКВД-ს საგამოძიებო განყოფილებას.

უმცროსი ძმა მსახურობდა წითელ არმიაში, შემდეგ იყო „ბორჯომის“ ქარხნის ბუღალტერი და 1927 წელს ისიც ძმის კვალს დაადგა. 1934-იდან დაინიშნა საქართველოს НКВД-ს წამყვან თანამდებობებზე, ხოლო 1937 წლის აგვისტოში ჯერ გახდა ახალციხის, ხოლო მალევე გაგრის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი. გაგრაში ამ დროს სტალინის აგარაკი მდებარეობდა, რომელსაც НКВД-ს 300-მდე თანამშრომელი იცავდა. 1938 წლის 7 დეკემბერს, ბერიას აღზევების შემდეგ ამაიაკი დაინიშნა უკრაინის სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილედ, ხოლო 1939 წელს გაიგზავნა საელჩოს რეზიდენტად ბერლინში. გერმანელებმა სწრაფად გაშიფრეს იგი, მიხვდნენ, რომ აგენტურულ საქმიანობაში გამოუცდელი იყო და მიამაგრეს აგენტი, ლატვიელი კორესპონდენტი – ორესტ ბერლინკსი, რომელიც მას ინფორმაციას გადასცემდა, სინამდვილეში კი პირდაპირ ახდენდა სტალინის დეზინფორმირებას. თავიდან ბერლინსკის მიწოდებული ყველა ფაქტი მალევე დასტურდებოდა, თუმცა, იგი ასევე არწმუნებდა ამაიაკს, რომ საბჭოთა საზღვრებზე ვერმახტის ჯარების მობილიზება სინამდვილეში მხოლოდ მანევრი იყო და გერმანია არ აპირებდა საბჭოთა კავშირზე თავდასხმას, რამაც 22 ივნისს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ომის დაწყება და კრემლის ყველა გეგმის ჩაშლა გამოიწვია.

1941 წლის 20 ივლისს ამაიაკი დაბრუნდა მოსკოვში. გერმანიის დიპლომატიურ წრეებში სჯეროდათ, რომ მას აუცილებლად სიკვდილით დასჯიდნენ, თუმცა, იმავე დღეს იგი დანიშნეს უზბეკეთის უშიშროების სახალხო კომისრად, სადაც 1945 წლამდე იმსახურა.

1945 წლის ივლისში ბოგდანმა მიიღო გეერალ-პოლკოვნიკის, ხოლო ამაიაკმა – გენერალ-ლეიტენანტის წოდება.

უფროსი ქობულოვის კარიერა მოულოდნელად დაღმა დაეშვა. ომის დასრულების შემდეგ, სტალინმა „შეფერთხა“ НКВД-ს ხელმძღვანლობა და ბოგდანი მოხსნა. 1946 წლის 1 -ელ ივნისს მან სტალინს ხვეწნა-მუდარით სავსე წერილი მიწერა – სადმე მაინც დაესაქმებინა. ის დანიშნეს უცხოეთში საბჭოთა ქონების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ და გერმანიაში მიავლინეს.

1953 წლის მარტში სტალინის სიკვდილის შემდეგ ბერიამ ბოგდანი, არც მეტი და არც ნაკლები, სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა. ამაიაკმა კი შსს მინისტრთან არსებული საკონტროლო ინსპექციის უფროსის მოადგილეობა მიიღო.

1953 წლის 26 ივნისს, ხრუშჩოვის განკარგულებით, დაიწყო საქმე ბერიასა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ორივე ძმა 1953 წლის 27 ივნისს დააკავეს. ბოგდანი მოსკოვში, ხოლო ამაიაკი ბერიას კიდევ ერთ ფავორიტ, სერგო გოგლიძესთან ერთად ბერლინიდან სპეცრეისით ჩამოაფრინეს. ბოგდანი პროკურატურამ შეიყვანა ე.წ. „ბერიას ბანდაში“ (გაზეთებში სწორედ ამგვარად მოიხსენიებდნენ დაკავებულ ბერიას და მის უახლოეს წრეს). ამაიაკი ბერიას უშუალო გარემოცვას არ მიეკუთვნებოდა, „ბანდის“ წევრად რომ გაეყვანათ, ამიტომ მისი საქმე ცალკე წარმოებაში გამოყვეს.

ბოგდანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. საბოლოო სიტყვაში მან თქვა, რომ სჯეროდა ბერიასი და „უსიტყვოდ ასრულებდა მის ყველა დანაშაულებრივ განკარგულებას“. ბერია, ქობულოვი, მერკულოვი, გოგლიძე, მეშიკი, დეკანოზოვი და ვლოდზიმირსკი ერთ დღეს, 23 დეკემბერს დახვრიტეს.

ამაიაკმა პოლიტბიუროს წევრებს 9 წერილი მისწერა, რომ მის საქმეს არაობიექტურად იძიებდნენ. მისთვის წაყენებული კონკრეტული მუხლების გარდა, რაც ითვალისწინებდა საგამოძიებო საქმეების ფალსიფიკაციას, კანონიერების დარღვევას, წამებას და ცემას, ამიაკს ბრალად ედებოდა „საბჭოთა დაზვერვის ჩაშლაც“ გერმანიაში ომის წინა პერიოდში. 1955 წლის 10 თებერვალს პროკურატურამ უარი თქვა ამაიაკის შეწყალების წერილებზე და ის იმავე წლის 26 თებერვალს დახვრიტეს.

ბოგდან ქობულოვის ფერფლი დამარხეს დონის სასაფლაოზე. სავარაუდოდ, იქვე მოხვდა ამაიაკიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები