ქალი, რომელმაც „ოლიმპიკიდან“, „ტიტანიკიდან“ და „ბრიტანიკიდან“ ცოცხალმა გამოაღწია
ვიოლეტ კონსტანს ჯესოპი – გემის სტიუარდესა და მედდა, რომელიც ცნობილია იმით, რომ 3 სხვადასხვა გემზე საზღვაო ავარიას გადაურჩა. 1911 წელს ის იმყოფებოდა „ოლიმპიკზე“, რომელიც ბრიტანულ სამხედრო ხომალდ „ჰოუკს“ შეეჯახა. შეჯახების შედეგად, საბრძოლო ხომალდმა „ოლიმპიკის“ კორპუსზე უზარმაზარი ხვრელი გააჩინა, მაგრამ რადგანაც ხვრელი კორპუსის ზედა ნაწილში აღმოჩნდა, შემთხვევამ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა. ვიოლეტი 1912 წელსაც გადარჩა, როდესაც „ტიტანიკი“ აისბერგს შეეჯახა, თუმცა, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამ დროს 2 223 მგზავრიდან 1 517 დაიღუპა. ვიოლეტს 1916 წელსაც გაუმართლა, როდესაც „ბრიტანიკი“ ნაღმზე აფეთქდა. ბორტზე 1066 ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 30.
ვიოლეტ ჯესოპს საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა… არგენტინაში, ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მშობლებისთვის ის პირველი გადარჩენილი შვილი იყო, რადგანაც სამი ადრეულ ასაკში დაეღუპათ. შემდეგ ვიოლეტს 5 დედმამიშვილი შეეძინა, რომელთა გაზრდასაც საკუთარი დროის მნიშვნელოვან ნაწილს ახმარდა. ბავშვობაში ვიოლეტი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმები მისი გადარჩენის შანსს, ფაქტობრივად, გამორიცხავდნენ, რადგან იმ დროს ამ დაავადებით უამრავი ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად ამისა, ვიოლეტი მაშინაც გადარჩა და სიცოცხლე განაგრძო. 16 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა და ოჯახი ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. ახალგაზრდა გოგონამ აქ მონასტრის სკოლაში დაიწყო სწავლა. შემდეგ დედაც შეუძლოდ გახდა. ვიოლეტმა სწავლა შეწყვიტა და დედის პროფესიას გაჰყვა – ასე გახდა ის სტიუარდესა.
ვიოლეტმა სამგზავრო ლაინერებზე 42 წელი გაატარა და მსოფლიოს 2-ჯერ შემოუარა. ქალი, რომელსაც „მის ჩაუძირავი“ შეარქვეს, 83 წლის ასაკში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.