ბიძინა კულუმბეგოვი: ვფიქრობ, ბათუმში შეზღუდვები უფრო უნდა გამკაცრდეს

“კორონავირუსის მეორე ტალღაზე საუბრობენ ევროპის ქვეყნები, რომლებმაც უკვე ერთი ტალღა მოილიეს. მეორე ტალღა როგორი იქნება ჩვენს შემთხვევაში და როდის იქნება, ალბათ, ის უფრო შედარებით დაგვიანდება, მაგრამ რამდენად დამაზიანებელი იქნება, ამაზე წინასწარ საუბარი შეუძლებელია”, – ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

კულუმბეგოვი ფიქრობს, რომ ბათუმში კორონავირუსის გავრცელების გამო მეტი შეზღუდვა უნდა დაწესდეს.

“იკვეთება, რომ ეს არის პირველი ტალღის დასაწყისი, მე ამ სიტუაციას ასე ვეძახი, რადგან თვითონ ტალღა, როგორც ასეთი, მეცნიერული მოვლენა არ არის. ტალღა მრუდზე უნდა აისახოს, ამიტომ, ჩვენს ქვეყანას ეს ტალღა არ ჰქონია. გვიანი პირველი ტალღა ჩვენ გვაქვს ახლა. მივდივართ ზემოთკენ, ციცაბო ალბათ ჩამოყალიბდება და სტაბილიზაციის შემდგომ იქნება დაღმა სვლა. სწორედ ეს გამოსახავს ამ ტალღას.

მეორე ტალღაზე საუბრობენ ევროპის ქვეყნები, რომლებმაც უკვე ერთი ტალღა მოილიეს. მეორე ტალღა როგორი იქნება ჩვენს შემთხვევაში და როდის იქნება, ალბათ, ის უფრო შედარებით დაგვიანდება, მაგრამ რამდენად დამაზიანებელი იქნება ამაზე წინასწარ საუბარი შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. პოპულაციურ იმუნიტეტზე ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციამ გუშინ თქვა, რომ მსოფლიოში მხოლოდ საშუალოდ 10 პროცენტი ადამიანებისა არის ამ ეტაპზე დაცული და 90 პროცენტი ისევ მოწყვლადია და მათ შეუძლიათ, კორონავირუსული ინფექცია მიიღონ.

იქ, სადაც ახლა ყველაზე მეტი პრობლემაა, მე ვფიქრობ, ძალიან დიდხანს არ უნდა დაგვიანდეს და შეზღუდვები უფრო უნდა გამკაცრდეს ბათუმის პირობებში, რათა არ მოხდეს კიდევ უფრო მეტი შიდა საზოგადოებრივი გავრცელება და არ მოხდეს შიდა ექსპორტი ბათუმიდან, რაც მთლიანად დამაზიანებელი იქნება მთელი ქვეყნისთვის. დღეში 4 გარდაცვლილი ადამიანია და ამას არ უნდა შევეგუოთ. მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ჯობს, რომ ბათუმში იყოს უფრო მეტი შეზღუდვა, ვთქვათ, გადაადგილების შეზღუდვა, სრული სტაბილიზაციის მიღებამდე მოქალაქეებს შევუზღუდოთ რეგიონის დატოვება, რათა სწრაფად მოხდეს აფეთქების ჩახშობა. ბათუმი ყველაზე საყურადღებო ნაწილია”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები