„კარგია, როცა ქალაქი გენგეგმას მიჰყვება“ – ლევან ბერიძე ცენტრალურ პარკზე
არქიტექტორი ლევან ბერიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენება სწორი ნაბიჯია და ეს გადაწყვეტილება თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების გენერალურ გეგმასაც პასუხობს. არქიტექტორის განმარტებით, პარკი ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს.
„ეს ტერიტორია თბილისის გენერალურ გეგმაში რეკრეაციული ზონაა და, რა თქმა უნდა, აქ პარკის გაშენება ძალიან კარგია. ეს სწორედ ის ზონაა, რომელსაც ,,ფილტვებსაც,, კი ეძახიან. ამის გარდა, გენგეგმაში სხვა პარკებზეცაა საუბარი. ზოგადად, კი კარგია, როცა ქალაქი გენერალურ გეგმას მიჰყვება, მათ შორის, გამწვანების მიმართულებით. ეს პარკი ხელს შეუწყობს ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას“, – აღნიშნავს ლევან ბერიძე.
ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. 36 ჰექტარი ფართობის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარკის მოსაწყობად რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება. საპროექტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.