მრგვალი ბაღი და ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პატარა უფლისწული
წრიული ფორმის ბაღები თბილისსა და მთლიანად საქართველოში მეტად იშვიათია.
ერთ-ერთი ვაკეში, ბარნოვი-აბაშიძის ქუჩების გასაყარზეა.
ეს ბაღი, დაახლოებით, 100 წლისაა, მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, როცა ვაკე თბილისს შეუერთა. თავდაპირვილად ,,ვაკის სკვერი,, ერქვა. უბნის განვითარებისა და ქუჩების ვაკის პარკამდე გაგრძელების შემდეგ მას, წრიული ფორმის გამო, მრგვალი ბაღი ეწოდა. ინგლისურად „რაუნდ გარდენად„ თარგმნიან, რაც არასწორია, რადგან მრგვალი ბაღი მხოლოდ ფორმას არ აღნიშნავს. ის საკუთარი სახელიც არის, რაც არ ითარგმნება და ინგლისურადაც Mrgvali Baghi უნდა იყოს.
მრგვალ ბაღში 1999 წელს მოქანდაკე ირაკლი ჟვანიამ შადრევანთან ერთად პატარა უფლისწულის შესანიშნავი ქანდაკება დადგა. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიციაა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნაწარმოებისა და გმირის თემაზე.
თბილისის მაშინდელი მერის, ვანო ზოდელავას სურვილით, ქანდაკებას ფარდა 25 იანვარს ჩამოხსნეს – იმ დღეს, როცა მეორე პრეზიდენტის, ედურად შევარდნაძის დაბადების დღე იყო. თუმცა, მაშინ იუბილარმა საზეიმო ცერემონიალზე დასწრება ვერ შეძლო.
მრგალ ბაღში დგას პოეტ რაფიელ ერისთავის ბიუსტი, რომლის ავტორიც ელგუჯა ამაშუკელია.
2019 წელს აქაურობა ძირეულად აღადგინეს და კიდევ ერთი ქანდაკება, სკამზე ჩამოსმული ძაღლი – დანტე შეემატა.
ავტორი: გოგა ჩანადირი
წყარო: ჰეალაინი