რა უნდა გავითვალისწინოთ ცენტრალური პარკის სწორად დასაგეგმარებლად – ნინო ჩხობაძის რეკომენდაცია

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის მოსაზრებით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობა სწორი გადაწყვეტილებაა. ექსპერტის განმარტებით, პარკის დაგეგმარებამდე რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი, რაც მის სწორად გაშენებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ დიდხანს ვითხოვდით, თუ იპოდრომი არ იქნებოდა, ამ ტერიტორიაზე, რომელიც საკმაოდ დიდია, პარკი ყოფილიყო. თავის დროზე, როცა იპოდრომი გაკეთდა, ტერიტორია ჭაობიანი გახლდათ. ამ ადგილას ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ცენტრალური პარკის გაშენებაა. დაგეგმვის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ სადრენაჟო სისტემაა მოწყობილი. რამდენადაც ჩვენ ვხვდებით, ეს სისტემა გარკვეულწილად დაზიანებულია. მნიშვნელოვანია, რომ მისი მდგომარეობა შემოწმდეს, სანამ პარკის დაგეგმვა დაიწყება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დასარგავი სახეობების შერჩევაც. ჩემი აზრით, ამ პარკში მკაფიოდ უნდა გამოვყოთ და გავაშენოთ, ძირითადად, ადგილობრივი, ენდემური სახეობები, რომლებიც ჩვენი ფლორისთვისაა დამახასიათებელი. როგორც მახსოვს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადრე სანერგეც იყო. შესაბამისად, იქ არსებული ხეები ნამდვილად შეგუებულები არიან გარემო პირობებს. შესაძლებელია მათი გადმორგვა და მართლაც კარგი პარკის გაშენება”, – აცხადებს ნინო ჩხობაძე და აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ ამ პარკის მოწყობის პროცესში მთელი თბილისის მოსახლეობა ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ 36 ჰექტარი  ფართობის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ამასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები