თამარ ტალიაშვილი: რუსეთი ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერებაში საქართველოდან განაცალკეოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონები

“რუსეთი ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერებაში საქართველოდან განაცალკეოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონები”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცეპრეზიდენტმა – თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს კონგრესის საწესდებო ფორუმზე განაცხადა.

ფორუმზე თამარ ტალიაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის მექანიზმების გამოყენებაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქართული მხარე განსაკუთრებით აფასებს ევროპის საბჭოს მტკიცე პოზიციას, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„მოსკოვი განაგრძობს მცდელობებს, დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა ე.წ. ”ალტერნატიულ რეალობებში”, რათა მოახდინოს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია და აირიდოს პასუხისმგებლობა, როგორც ოკუპანტმა ძალამ. ამისთვის რუსეთი აქტიურად იყენებს პროპაგანდის ყველა ინსტრუმენტს, ასევე ჰიბრიდული ბრძოლის ხერხებსა და მექანიზმებს. რუსეთი არ იშურებს ძალისხმევას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, გაავრცელოს ისეთი ტერმინები, როგორიც არის „სეპარატისტული ბრძოლა“, „საზღვარი აფხაზეთსა და საქართველოს შორის“, „საზღვარი სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის“, „შიდა კონფლიქტი“ და სხვა. ამ გზით, რუსეთი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერებაში საქართველოდან განაცალკეოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონები და ოკუპირებული ტერიტორიები წარმოაჩინოს ,,დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“, რომლებიც „სეპარატისული ბრძოლის შედეგად გამოეყვნენ“ საქართველოს“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

შეხვედრაში, რომელიც ჩოვიდ-19-იდან გამომდინარე ონლაინ რეჟმში მიმდინარეობდა, ასევე მონაწილეობას იღებდა ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და ევროპის საბჭოს კონგრესის წევრი, ნინო ქავთარაძე.

ამავე, შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა, როგორც კონგრესის მომხსენებელმა პროცედურულ საკითხებში, წარმოადგინა კონგრესის პროცედურულ წესებში განსახორციელებელი ცვლილებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები