სამკერვალო საწარმო “ტექსტილში”, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, სამუშაო პროცესი შეჩერებულია
ქობულეთში სამკერვალო საწარმო “ტექსტილი” კორონავირუსის გამოვლენილი ფაქტის გამო დაიხურა. “ტექსტილში”, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი სპორტულ ტანსაცმელს მსოფლიოში წამყვანი სპორტული გუნდებისთვის კერავს, დღეს თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
საწარმო “ტექსტილის” დირექტორის, გია ლომინაძის განცხადებით, კორონავირუსი 5 ადამიანს აქვს დადასტურებული.
“პირველი საეჭვო ნიშნები, როდესაც გამოიკვეთა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საწარმოს მუშაობა დროებით შეგეეჩერებინა და დაგვეწყო მასიური ტესტირება. ჩვენ უკვე 5 ინფიცირებული გვყავს, მათგან ერთი კარანტინშია, სამი თვითოზოლაციაში, ერთი ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში. ხვალ უკვე ჩვენს საწარმოში არსებულ მდგომარეობაზე საბოლოო სურათი გვექნება”,- განაცხადა ლომინაძემ.
ვირუსის გავრცელების კერა, ჯერჯერობით, უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
“გუშინ აჭარა ტექსტილი ნამდვილად არ მუშაობდა. პასუხების მიხედვითა და რისკების შეფასებით, დაწესებულების გადასაწყვეტია, ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე რა შემადგენლობით გააგრძელებენ ისინი მუშაობას”, – აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნინო ეფაძემ.