„თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების პროექტის“ გაცნობითი შეხვედრა გაიმართა
სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ევროპის საბჭოსა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერება“ გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე – მაია ბითაძე და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი – ნატალია ვუტოვა დაესწრნენ.
მაია ბითაძის განცხადებით, ევროსაბჭოს დახმარებით, საპილოტე პროექტი, რომელიც საქალაქო პარკების მშენებლობის დროს საზოგადოების ჩართულობას ითვალისწინებს, წარმატებით განხორციელდა.
„ახლა იქმნება მუდმივი პლატფორმა. ეს არის პირველი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც გარემოსდაცვითი დემოკრატიის გაძლიერებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პლატფორმები, მით უმეტეს, რომ მას მხარს ევროსაბჭო უჭერს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
პროექტის მიზანი დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობაა. ამასთან, დაგეგმილია დისკუსიისა და კოორდინაციის მდგრადი პლატფორმის ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მოსახლეობასთან თანამშრომლობით განიხილება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ საქალაქო პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციის ინიციატივები.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი – გიგა გიგაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი – ოთარ გრიგოლია, საქართველოს პარლამენტის წევრები – ზაზა გაბუნია და სოფიო კილაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – ლია გიგაური და ევროპის საბჭოს ექსპერტები – ვაჟა სალამაძე და დავით ლოსაბერიძე.