„ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“ – დღეს კამპანია – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ დაიწყო
დღეს კამპანია – „დავასუფთაოთ მსოფლიო-2020“ დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ ისაუბრა. მისი თქმით, კამპანიის ფარგლებში, დასუფთავების აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება.
როგორც ჩხობაძემ განაცხადა, მიმდინარე წელს დასუფთავების აქციები, 18-20 სექტემბერს შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, სხვადასხვა ადგილას მცირე რაოდენობის ჯგუფებით ტარდება.
“წლევანდელი აქციები – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ცოტა განსხვავებულია სხვა წლების აქციებისგან. წლევანდელი აქციები გამორჩეულია იმით, რომ, კოვიდის პირობებიდან გამომდინარე, მთელს მსოფლიოში მითითება იყო, ერთ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტის კონცენტრაცია არ უნდა მოხდეს. ზუსტად ასე ხდება დღეს მთელს საქართველოში. 500-ზე მეტი ტერიტორიაა გამოვლენილი. სინამდვილეში მეტია, რადგან ბევრი საინციატივო ჯგუფი შემოგვიერთდა. ეწყობა დასუფთავების მცირემასშტაბიანი აქციები. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი პატარა ქმედებაც კი სამყაროს აბსოლუტურად სხვანაირს ხდის. „ყოველი მცირე ქმედება მსოფლიოს განსხვავებულს ხდის“ – ასეთი დევიზით მიდის ეს აქციები დღეს მთელს მსოფლიოში. 150-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული ამ აქციებში. საქართველოში, პრაქტიკულად, ათივე რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტარდება. ვიმედოვნებ, ბევრი ადამიანი აიტაცებს ამას. სულ არ არის სავალდებულო ორგანიზებულად დიდი აქციების ჩატარება. საკმარისია, საკუთარ ეზოს, კარ-მიდამოს, ქუჩას მოვუაროთ. ესეც უკვე წვლილია დასუფთავების აქციისთვის“, – განაცხადა ჩხობაძემ.
მისივე თქმით, აქციებში სხვადასხვა კომპანიის ჩართვა მნიშვნელოვანია.
„ჩვენ აქციის ჩართვაზე მიმართვა გავაკეთეთ ყველგან, პრაქტიკულად, მთელს საქართველოში. ბევრი კომპანია გამოგვეხმაურა. მეტსაც გეტყვით, ჩვენ არჩევნების პერიოდში ვართ. მივმართეთ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას. ბევრი მათგანი გამოგვეხმაურა, ჩვენ გვერდით არიან, მუშაობენ სხვადასხვა ტერიტორიაზე, ასუფთავებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჩხობაძემ.
ცნობისთვის, საერთაშორისო კამპანია – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაარსდა. 2020 წლის მსოფლიო დასუფთავების კამპანიის გზავნილია: „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“.
დასუფთავების მსოფლიო დღეს საქართველოში სხვადასხვა მუნიციპალიტეტი უერთდება. საერთაშორისო კამპანიას – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზიც” შეუერთდა. კომპანიის ჩართულობით, დასუფთავების აქციები 18-20 სექტემბერს ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.
თამუნა შეყილაძე